„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს დღეიდან ტოვებენ

პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს დღეიდან დატოვებენ.

მმართველი პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეიდან თანამდებობებს დატოვებენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებული კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულები და თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელი.

ირაკლი ქადაგიშვილი – კახეთის სახელმწიფო რწმუნებული (თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი);

გიორგი ხოჯევანიშვილი – შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული (გორი-კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი);

შალვა კერესელიძე – მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული (მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი);

ნოდარ ტურძელაძე – ვაკის რაიონის გამგებელი; (ვაკის რაიონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი).

აჭარის ა/რ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, რომელიც „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა, თანამდებობა დატოვა.

რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ. იგი წარდგენილია აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.

რაც შეეხება დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებულ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს, ისინი თანამდებობებს საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე დატოვებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები