სოსო არჩვაძე: 2020 წლის მეორე ნახევარში პოზიტიური ძვრები ეკონომიკაში კიდევ უფრო გამოიკვეთება და განმტკიცდება
,,მიუხედავად იმისა, რომ კვლავ რთული დრო უდგას საქართველოს ეკონომიკას, მასში პოზიტივი სულ უფრო თვალსაჩინო ხდება – დარწმუნებული ვარ, 2020 წლის მეორე ნახევარში პოზიტიური ძვრები ეკონომიკაში კიდევ უფრო გამოიკვეთება და განმტკიცდება”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე წერს და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკაში ნეგატიური ტენდენციების შემცირებაზე ასევე მიუთითებს დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ტემპის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შემცირება.
,,2020 წლის ივნისში, როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკური ვარდნის მასშტაბი ჩამოსცდა ორნიშნა ნიშნულს და მხოლოდ -7.7 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ვარდნის მასშტაბების დინამიკა აშკარა პროგრესულია (შეადარე: აპრილი: – 16.6%, მაისი – 13.5%, ივნისი – 7.7%). მართალია, მთლიანად მეორე კვარტალში იგი კვლავაც ორნიშნაა (-12.6%), თუმცა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ფონზე საქართველოს მდგომარეობა არც ისე მძიმედ გამოიყურება. მაგალითად, აშშ-ში 2020 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკა წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით დაეცა 32.9 პროცენტით, რაც საქართველოს მაჩვენებელს 3.8-ჯერ აღემატება (შედარებისათვის: 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მშპ გაიზარდა 2.2%-ით, აშშ-ში კი შემცირდა 4.8%-ით; მთლიანად, წლის პირველ ნახევარში საქართველოს მშპ შემცირდა 5.8%-ით, ხოლო აშშ-სა – 18.0%-ით). 2020 წლის პირველ ნახევარში, მიუხედავად სირთულეებისა, საქართველოს ადგილობრივი წარმოების ექსპორტის მოცულობა გადასცდა მილიარდიან (აშშ დოლრებში) ზღვარს და 1078.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე მხოლოდ 3 პროცენტითაა ნაკლები. ადგილობრივი წარმოების წილი ექსპორტის მთლიან მოცულობაში 71.7 პროცენტია, რაც ბოლო სამი წლის საუკეთესოა (2018 წ. – 69.7%, 2019 წ. – 62.1%). სამამულო ექსპორტის მოცულობა 2020 წლის პირველ ნახევარში, ფაქტობრივად, ორჯერ უფრო ნაკლებად შემცირდა ეროვნული პროდუქტის (მშპ-ის) შემცირებასთან შედარებით. ეს იმასაც ნიშნავს, რომ გლობალური პანდემიის პირობებში, როდესაც სახელმწიფოთა უმრავლესობამ მკვეთრად შეამცირა საგარეო ეკონომიკური აქტიურობა, ექსპორტ-იმპორტის მოცულობა, საქართველოს ადგილობრივი წარმოების პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე ინარჩუნებს მოთხოვნასა და კონკურენტუნარიანობას. შედეგად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სამამულო ნაწარმის ექსპორტის თანაფარდობამ ქვეყნის მშპ-სთან 3.1 პროცენტული პუნქტით მოიმატა და, წინასწარი შეფასებით, 16.6 პროცენტი შეადგინა (2019 წლის პირველ ნახევარში – 13.5%). რაც შეეხება მთლიანი ექსპორტის (რომელიც მოიცავს სამამულო ნაწარმსაც და რეექსპორტსაც) შემცირებას 15.9 პროცენტით. ეს, ძირითადად, გამოწვეულია რეექსპოტის მასშტაბების შემცირებით (252.9 მლნ. აშშ დოლარით, ანუ 37.3%-ით). მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ექსპორტის მოცულობის მთლიანი შემცირების 88.4 პროცენტი მოდიოდა რეექსპორტის შემცირებაზე და მხოლოდ 11.6 პროცენტი – სამამულო პროდუქციის ექსპორტის შემცირებაზე.
ქვეყნის ეკონომიკაში ნეგატიური ტენდენციების შემცირებაზე ასევე მიუთითებს დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ტემპის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შემცირება ივნისში 6.2 პროცენტით (მაისში აღნიშნული მაჩვენებელის ვარდნა შეადგენდა 22.2%-ს, აპრილში კი – 32.8%-ს). ამასთან, „შუქად გვირაბის ბოლოს“ ვფიქრობ, ნამდვილად უნდა მივიჩნიოთ ივნისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობის ზრდა 10.2 პროცენტით. ეს, ფაქტობრივად, პირველი ორნიშნა ინდიკატორია საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ცვლილებებისა და მოლოდინებისა, რომლებსაც აუცილებლად სხვებიც მოყვებიან. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ რთული დრო უდგას საქართველოს ეკონომიკას, მასში პოზიტივი სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მართალია, „ჯერაც წვიმს, თუმცა ისე აღარ, როგორც ქუხს“. დარწმუნებული ვარ, 2020 წლის მეორე ნახევარში პოზიტიური ძვრები ეკონომიკაში კიდევ უფრო გამოიკვეთება და განმტკიცდება”, – წერს სოსო არჩვაძე