ამირან სალუქვაძე: ასე თუ გავაგრძელებთ, პროკურატურასა და საგამოძიებო სტრუქტურებს ყველა საქმეზე მოუწევთ საიდუმლოების შენახვა და მონაწილე პირებისთვის ხელწერილების ჩამორთმევა

“ასე თუ გავაგრძელებთ, მივალთ იქამდე, რომ პროკურატურას, საგამოძიებო სტრუქტურებს აბსოლუტურად ყველა საქმეზე მოუწევთ საიდუმლოების შენახვა და მონაწილე პირებისთვის ხელწერილების ჩამორთმევა”, – ამის შესახებ ექსპერტი სამხედრო – პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძემ “ახალ თაობასთან” საუბარში განაცხადა.

სალუქვაძის თქმით, არ შეიძლება, 2012 წლამდე ვითარებას აშუქებდე მხოლოდ ვარდისფერში, მალავდე კრიმინალს და 2012 წლიდან კი საინფორმაციო გამოშვებები კრიმინალურ ქრონიკად აქციო.

“ძიებას თავისი სტრატეგია აქვს. გამოძიება ხელოვნებაა. არ შეიძლება, ყოველ 2-3 დღეში პროკურატურის წარმომადგენელი გამოვიდეს და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს დოზირებით. ჯერჯერობით, ეს ხდება იმ ფორმით, რომ ძიებას ზიანი არ მიადგეს. ასე თუ გავაგრძელებთ, მივალთ იქამდე, რომ პროკურატურას, საგამოძიებო სტრუქტურებს აბსოლუტურად ყველა საქმეზე (ჯიბის ქურდობა იქნება თუ მკვლელობა) მოუწევთ საიდუმლოების შენახვა და მონაწილე პირებისთვის ხელწერილების ჩამორთმევა. რა უბედურებაა, სად ვცხოვრობთ, რა კრიმინალური ქრონიკაა?! კრიმინალური ქრონიკაზე, რომელზეც მე ვლაპარაკობ, უკვე ბევრი წერს, სოციალურ ქსელშიც ვრცელდება ინფორმაციები. მე მუდმივად ვცდილობ, აქცენტი სტატისტიკაზე გავაკეთო, როგორ აშუქებდნენ ერთი და იგივე მედიასაშუალებები, ერთი და იგივე ჟურნალისტები საზოგადოებრივ ცხოვრებას წლების წინ და როგორ აშუქებენ ისინი ამ ხელისუფლების პირობებში. აქ პირდაპირ იკვეთება პოლიტიკური მიზნები. არ შეიძლება, 2012 წლამდე ვითარებას აშუქებდე მხოლოდ ვარდისფერში, აჩვენებდე გზების, საავადმყოფოების გახსნას და მალავდე კრიმინალს. 2012 წლიდან კი საინფორმაციო გამოშვებები კრიმინალურ ქრონიკად აქციო, საზოგადოებაში იმის განცდა შექმნა, რომ კრიმინალი ყვავის. ბოლოს და ბოლოს, შეგვიძლია, სტატისტიკას დავუჯეროთ ან არ დავუჯეროთ, მაგრამ იმ წლების საუკეთესო სტატისტიკა და ამ წლების ყველაზე უარესი სტატისტიკა ავიღოთ და შევადაროთ. დავინახავთ, რომ ერთი და იგივე ტელევიზიები (3-4 ტელევიზია) მუდმივად ორიენტირებული არიან დეპრესიულ, დამთრგუნველ საინფორმაციო პოლიტიკაზე, საინფორმაციო გამოშვების ნახევარს კრიმინალის გაშუქებას უთმობდე”,- აცხადებს ამირან სალუქვაძე.

ექსპერტის თქმით, მედიამ ძალოვან სტრუქტურებზეც უნდა ილაპარაკოს, მაგრამ ეს უნდა იყოს ჯანსაღი პროცესი და არ უნდა ატარებდეს ძალოვანი სტრუქტურების დათრგუნვის ხასიათს.

“ახალი თაობის“ჟურნალისტის კითხვაზე, თუ კი ბაჩალიაშვილის საქმეზე გამომძიებლებმა გარდაცვლილის კომპიუტერი ადვოკატის თანდასწრების გარეშე გახსნეს, ეს უნდა ითქვას თუ არა? სალუქვაძე ამბობს, რომ ესეც ცალმხრივი ინფორმაციაა და შეფასება მას შემდეგ უნდა გაკეთდეს, როცა საგამოძიებო სტრუქტურებს, შს სამინისტროს, პროკურატურას დავუსვამთ კითხვას.

“მე სანამ ორივე მხარეს არ მოვუსმენ, ვერ შევაფასებ. ადვოკატმა თავისი აზრი და დამოკიდებულება სასამართლოს უნდა უთხრას. მედიამაც უნდა გააშუქოს, როცა ღია სხდომებია. იქ თანაბრად უნდა მოვისმინოთ პროკურორის განცხადებაც და ადვოკატისაც. ადვოკატი ამას სასამართლოში რომ განაცხადებს და იქ პროკურორი პასუხს გასცემს, ის ინფორმაცია გამოვიტანოთ გარეთ. თუ აღმოჩნდება, რომ საგამოძიებო სტრუქტურამ სათანადო პასუხი ვერ გასცა, არადამაჯერებლად უპასუხა, მაშინ, კი ბატონო, ორივე ხელით ადვოკატის მხარეს ვიქნები. თუ მეორე მხარე დაასაბუთებს, რომ ადვოკატის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მაშინ ბოდიში მოიხადოს. მეც ადვოკატი რომ ვიყო, ასე ვილაპარაკებდი, რადგან მას ამაში თანხას უხდიან. ადვოკატები საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას იღებენ. ყველა მხარეს სჭირდება ინფორმაცია. მეც მჭირდება ინფორმაცია ანალიზისთვის, მაგრამ, როცა ერთი მხარისგან მუდმივად სიცრუეს ვისმენ, მიუღებელია და ყოველ სიტყვას ეჭვით ვუყურებ. ხომ ხედავთ, რამხელა ამბები ატყდა ახლა სომხეთში ოთხი ჟანგიანი კამაზის თითქოსდა გატარების გამო. იციან, რომ იმ ტექნიკამ გაიარა? არა, მაგრამ, მცდელობა იყო, საქართველო საერთაშორისო სკანდალში გაეხვიათ. თან უბრალო სკანდალი არ არის, რადგან ორი მეზობელი სახელმწიფოა დაპირისპირებული”,- აცხადებს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები