ნინო წილოსანი: ჩემთვის დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა მიუღებელია – პრეზიდენტის უფლებაა, შეიწყალებს თუ არა კონკრეტულ პატიმარს

“ჩემთვის დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა მიუღებელია”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა გიორგი რურუას განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შეწყალება პრეზიდენტის უფლებაა. როგორც დეპუტატი ამბობს, მნიშვნელოვანია, პოზიციის მიუხედავად, კანონის წინაშე ყველა ადამიანი იყოს პასუხისმგებელი.

„გიორგი რურუა ჩემთვის არც პოლიტიკურ პერსონას წარმოადგენს, არც – მედიასთან დაკავშირებულ პირს, რადგან ვიცით მისი დამოკიდებულება და ჩართვის ხარისხი მედიაში.

რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებას ან პროცესს, რომელიც სასამართლოში წარიმართა – ერთი მხრივ, სასამართლო მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის ამ წლების განმავლობაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების დახმარებით. ჩემთვის მიუღებელია, ეჭვი შევიტანო ამ დამოუკიდებელი შტოს გადაწყვეტილებაში და, მეორე მხრივ, ასევე ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს, პრეზიდენტის ნება და დისკრეციული უფლებაა, შეიწყალებს თუ არა კონკრეტულ პატიმარს“, – განაცხადა წილოსანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკურმა პარტიებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები