სავაჭრო პალატის ბიზნესკვლევების სახლი საქართველოში საზღვაო ინდუსტრიის სრულმასშტაბიან კვლევას იწყებს
სავაჭრო პალატის მიერ დაფუძნებული ბიზნესკვლევების სახლის ხელმძღვანელი – გიორგი აბაშიშვილი, ამავე ცენტრის მკვლევარებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ თამარ იოსელიანს შეხვდა, სადაც კვლევის ფარგლებში დასახული მიზნები შეაჯერეს და თანამშრომლობის ფარგლები განსაზღვრეს.
ბიზნესკვლევების სახლის ხელმძღვანლის თქმით, კვლევის მიზანს არსებული ვითარების შეფასება და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დარგის განვითარების სამომავლო პრიორიტეტების გამოკვეთა წარმოადგენს.
,,მაქსიმალურად ვეცდებით, კვლევა ყოვლისმომცველი იყოს და ინდუსტრიის ყველა მიმართულება დავფაროთ. ვხედავთ, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის პოტენციალის გამოყენება. მოხარულები ვართ, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დადებითად შეხვდა ჩვენს ინიციატივას და დახმარებისა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა“, – განაცხადა შეხვედრის დაწყებისას გიორგი აბაშიშვილმა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მიესალმა ბიზნესკვლევების სახლის ინიციატივას საზღვაო ინდუსტრიის მრავალმხრივი და სრულმასშტაბიანი კვლევის ჩატარების თაობაზე.
„სააგენტოს სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიმართულებით გაკეთებულია აქვს შიდა კვლევები, პერმანენტულად ცალკეული მიმართულებები, პორტები, საზღვაო სასწავლებლები, გადიან საერთაშორისო აუდიტებსაც, რაც ინდუსტრიის სწორად მართვის შესაძლებლობას გვაძლევს, თუმცა სრულ მასშტაბიანი კველვა საზღვაო სივრცეში, რომელიც ყველა მიმართულებას გამოიკველევს და არსებული მდგომარეობის შეფასებას დადებს ჯერ არ ჩატარებულა. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, ყველანაირად შევუწყოთ ხელი ბიზნეს კვლევების ცენტრს ამ ინიციატივის წარმატებით განხორციელებაში. ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო სექტორიდან დანახული ინდუსტრია და კვალიფიციური სპეციალისტების მიერ დადებული კვლევის შედეგები მნიშვნლოვნად შეგვიწყობს ხელს მომავალი საქმიანობის კიდევ უფრო კარგად დაგეგმვაში და საბოლოოდ დარგის განვითარებაში, ამიტომ დიდი ინტერესით ველოდებით შედეგებს”, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის პოტენციალსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ბიზნესკვლევების სახლის ინიციატივით, საქართველოს საზღვაო ინდუსტრიის მრავალმხრივი და სრულმასშტაბიანი კვლევის ჩატარება იგეგმება. კვლევის მიზანს არსებული ვითარების შეფასება და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დარგის განვითარების სამომავლო პრიორიტეტების გამოკვეთა წარმოადგენს.