გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, გადაისინჯება დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ არასრულწლოვნები პატიმრობაში დარჩებიან.
„დღეს იქნება აღკვეთის ღონისძიებების განხილვა. ჩვენ მოლოდინში ვართ, რომ, ნებისმიერი სამართლებრივი ლოგიკის თანახმად, ისინი უნდა დარჩნენ პატიმრობაში. ამიტომ სხვა მოლოდინები არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და ჩვენ კატეგორიულები ვერ ვიქნებით. რაც შეეხება მტკიცებულების ნაწილს, ბუნებრივია, ადვოკატებს ექნებათ შუამდგომლობა, ეს იქნება სამუშაო რეჟიმი და გამოიკვეთება, რა და როგორ წარიმართება. არსებული მტკიცებულებებით, ამ არასრულწლოვნებს 109-ე მუხლით უნდა წარედგინოთ ბრალი”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები