“თუკი გიორგი რურუას საქმეზე გამოტანილ სასამართლო განაჩენთან დაკავშირებით რომელიმე მხარის მიერ წუხილი არსებობს, შეუძლიათ, გაასაჩივრონ”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი სასამართლო არსებობს.
„დღეს ყველამ ვნახეთ განაჩენი, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლოს მიერ რურუას საქმეზე. თუ თავად რურუას, მისი ადვოკატების ან პროკურატურის მხრიდან, რომელიც მხარეა ასევე ამ საქმეში, მოცემულ განაჩენთან დაკავშირებით რაიმე წუხილი არის, ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებობს თავისუფალ პირობებში პოლიტიკური წნეხისგან, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, იუსტიციის მინისტრისგან, კანონმდებლებისგან თავისუფალი სასამართლო, მათ შორის, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციები, სადაც ორივე მხარეს შეუძლია, გაასაჩივროს მისთვის არასასურველი განაჩენი ან განაჩენის რომელიმე ნაწილი, თუ ისინი მას არ ეთანხმებიან“, – განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული, “მთავარი არხის” ერთერთი მეწილე, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა განუსაზღვრა.