დავით ბაქრაძე რურუაზე: იმედი მაქვს, პრეზიდენტი გამოიჩენს გონიერი გადაწყვეტილების მიღების უნარს
“გიორგი რურუას საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგში იმიტომ, რომ უამრავი დარღვევაა, არამხოლოდ პროცესუალური, შინაარსობრივ აბსურდთანაც გვაქვს საქმე”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “დღის ნიუსრუმი” განაცხადა.
მისივე თქმით, “მთავარი არხის“ ერთერთი მეწილის, გიორგი რურუას საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდება და, ასევე, გაძლიერდება პოლიტიკური ზეწოლა მის გასათავისუფლებლად.
„ეს საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგში იმიტომ, რომ უამრავი დარღვევაა, არამხოლოდ პროცესუალური, შინაარსობრივ აბსურდთან გვაქვს საქმე. მე ვესწრებოდი პროცესებს და ვიცი. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას იმიტომ, რომ 8 მარტის შეთანხმება არ უკავშირდება მხოლოდ გიორგი რურუას. ქვეყანაში პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხის არსებობა არის ის, რაც ჩვენს პოლიტიკურ გარემოს წამლავს. ამიტომ, ამ თემისგან ქართული პოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიცალოს“, – აცხადებს ბაქრაძე.
იგი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად, გიორგი რურუასთან დაკავშირებითაც „გონივრულ გადაწყვეტილებას“ მიიღებს.
„მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად, ჩემი დამოკიდებულება არასდროს დამიმალავს ქალბატონ ზურაბიშვილის მიმართ და ეს ძალიან კრიტიკულია, ვამბობდი და ყოველთვის ვიტყვი ღიად, მისი მხრიდან უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალება იყო პასუხისმგებლიანი ნაბიჯი, რომელმაც საქართველოს მოუხსნა საერთაშორისო პრობლემისა და სართაშორისო ზეწოლის დიდი ნაწილი, რომელიც ამ პრობლემის გამო ქვეყანაში იყო. ამიტომ მან, როგორც პრეზიდენტმა გადადგა აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი შეწყალებით. შეიძლება, ვერ შევთანხმდეთ მოტივებზე, არასდროს დავეთანხმები მის შეფასებით ნაწილს, როდესაც ის საუბრობს უგულავასა და ოქრუაშვილზე, მათ პიროვნებაზე, საქმეზე და ასე შემდეგ. ამაში ვერ შევთანხმდებით, მაგრამ მან გადადგა პასუხისმგებლიანი ნაბიჯი, როდესაც საქართველოს ააშორა პრობლემა. იმედი მაქვს, რომ ამჯერადაც, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, რომელმაც ბოლომდე მიიყვანა ეს საქმე და საკუთარი პარტიული ძალის ჩვენება უფრო წინ დააყენა, ვიდრე – ჩვენი პარტნიორების მოთხოვნა, იმედი მაქვს, მათგან განსხვავებით ამჯერად ქალბატონი ზურაბიშვილი გამოიჩენს პასუხისმგებლიანი და გონიერი გადაწყვეტილების მიღების უნარს“, – განაცხადა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, “მთავარი არხის“ ერთერთი მეწილე, გიორგი რურუა დღეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.