“ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების ნებისმიერი შტოს წარმომადგენელს განვიხილავთ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორსა და ჩვენს მეგობარს, მაგრამ ზოგიერთ გზავნილში, სამწუხაროდ, ჩვენი შიდა პოლიტიკური დისკუსია და ოპოზიციური სპექტრის დესტრუქციული ქმედებები იკითხება”, – ასე უპასუხა საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ამერიკელ კონგრესმენთა ბოლო წერილის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.
„ოპოზიცია, სამწუხაროდ, არასწორ ინფორმაციას აწვდის კონგრესმენებს და მათაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებს, რადგან ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა არის ხოლმე ასეთ წერილებში. სახელმწიფო მდივან პომპეოსთან კომუნიკაციის შედეგად ვნახეთ, რა მაღალ დონეზე შეფასდა ჩვენი დემოკრატიული წარმატებები, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და საერთოდ ორი ქვეყნის პარტნიორობა ისევე, როგორც ეს ჩანს ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებებში. გარწმუნებთ, ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან მაღალ დონეზე და არაფერი ამ ურთიერთობებს არ ემუქრება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.