სოფო კილაძე: გიორგი რურუას წარსული მჭიდროდაა დაკავშირებული “მხედრიონსა“ და კრიმინალებთან
“როცა „ნაციონალური მოძრაობისა” და ოპოზიციის სასარგებლოდ გამოიტანს სასამართლო გადაწყვეტილებას, მაშინ სამართალმა პური ჭამა?! როცა პირიქით ხდება, მაშინ კლანზე საუბარი იწყება”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე გიორგი რურუასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
კილაძის თქმით, რურუას წარსული „მხედრიონსა“ და კრიმინალებთან მჭიდროდაა დაკავშირებული.
„ბატონი რურუას წარსული არის მჭიდროდ დაკავშირებული „მხედრიონთან“, კრიმინალებთან, თუმცა იმ პარტიას, რომელსაც თვითონ კრიმინალური წარსული ჰქონდა და ახლა კიდევ კრიმინალს თავის ლიდერად აცხადებს, არ უნდა გაუკვირდეთ შემდეგ, რომ მარცხი მარცხზე აქვთ ყველა არჩევნებში, რომელიც 2012 წლიდან ჩატარდა საქართველოში. ეს არის ლოგიკური შედეგი იმ არაგონივრული პოლიტიკისა, რომელსაც, ჩემი აზრით, ოპოზიციის ეს ნაწილი ეწევა.
რაც შეეხება სასამართლოსთან პრეტენზიებს, „კლანი“, გავლენა და ა.შ. როცა „ნაციონალური მოძრაობისა” და ოპოზიციის სასარგებლოდ გამოიტანს სასამართლო გადაწყვეტილებას, მაშინ სამართალმა პური ჭამა?! როცა პირიქით, მათთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, იწყება საუბრები კლანზე, ივანიშვილის გავლენებზე და ა.შ. თავად ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, თუ, მაგალითად, ბაჩანა შენგელიასთან დაკავშირებით მოსწონთ სასამართლოს გადაწყვეტილება, მაშინ იმავე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ბატონ რურუასთან დაკავშირებით და ეს მგონია, რომ არის ორმაგი სტანდარტი, რასაც, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვუყურებთ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან“, – განაცხადა კილაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა განუსაზღვრა. გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება გიორგი რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.