დავით მათიკაშვილი: არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ რაიმე სახით ეჭვის ქვეშ დავაყენოთ რურუასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

“საქართველოში მართლმსაჯულებას ახორციელებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, რომელმაც გიორგი რურუა ცალსახად დამნაშავედ ცნო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს.

“საქართველოში მართლმსაჯულებას ახორციელებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, რომელმაც ცალსახად დამნაშავედ ცნო გიორგი რურუა. ამ განაჩენმა წერტილი დაუსვა ოპოზიციის სპეკულაციებს, რომლებიც ცდილობდნენ, უდანაშაულოდ გამოეცხადებინათ “ნაციონალურ მოძრაობად” წოდებული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი კრიმინალი ლიდერი. ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება, რადგანაც ხელისუფლება და ხელისუფლების სხვა შტოები არ ერევიან სასამართლო საქმეებში. 2012 წლის შემდგომ მკვეთრად არის გამიჯნული ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილება და მართლმსაჯულებას ახორციელებს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ რაიმე სახით ეჭვის ქვეშ დავაყენოთ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა განუსაზღვრა.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება გიორგი რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები