კახეთში რეგისტრირებულ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, წარმოშობის სერტიფიკატი რეგიონიდან გაუსვლელად აიღონ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ გურჯაანში ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, რეგიონიდან გაუსვლელად – ,,ერთი ფანჯრის პრინციპით” სწრაფად და მარტივად ისარგებლონ ყველა სახის საბაჟო პროცედურით, ხოლო წარმოშობის სერტიფიკატი – დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე აიღონ.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ამასთან, ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია საბაჟო პროცედურებსა და ფორმალობებთან, საბაჟოს დისტანციურ-ელექტრონულ სერვისებთან, სასაქონლო კოდების დადგენასთან, ნებართვა სერთიფიკატის საჭიროების განსაზღვრასა და საბაჟო გადასახდელებთან დაკავშირებით.
“დღეის მონაცემებით, მებაჟე ოფიცრების მიერ ქალაქ გურჯაანში გაფორმებულია 497 საბაჟო დეკლარაცია და გაცემულია 440 წარმოშობის სერტიფიკატი.
შეგახსენებთ, რომ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების თანახმად, საქართველოდან ექსპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა. იმისთვის, რომ პროდუქცია საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდეს, მას წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი – EUR.1 უნდა ჰქონდეს”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.