Houston chronicle: საქართველოს მთავრობა განმარტავს, რომ, ,,ფრონტერასთან” დავაში სახელმწიფოს აბსოლუტურად მყარი პოზიციის მიუხედავად, მიუღებელია, ჩრდილი მიადგეს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას
საქართველოში კომპანია „ფრონტერას“ საქმიანობასა და ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში მის გავლენიან ლობისტებზე ამერიკული გამოცემა „ჰიუსტონ ქრონიქალი“ სტატიას აქვეყნებს, სადაც სვამს შეკითხვას – როგორ მოახერხა კრედიტორებით შეწუხებულმა პატარა კომპანიამ, აშშ – ის კონგრესის უმაღლესი ეშელონების ძალაუფლება გამოეყენებინა.
სტატიის თანახმად, 2020 წლის მაისში ტეხასელი სენატორები – ჯონ კორნინი და ტედ კრუზი სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და ხაზინის მდივან სტივ მნუჩინს ჰიუსტონიდან ნაკლებად ცნობილი ნავთობკომპანიის სახელით წერდნენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში – საქართველოში – გაუარესებულ სიტუაციაზე.
სტატიის მიხედვით, კომპანია Frontera Resources საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტის გაწყვეტის პირას იყო. გაზეთს მოჰყავს კრუზისა და კორნინის ნათქვამი, რომ რაც კომპანია Frontera-ში ხდებოდა „გეოპოლიტიკური მნიშვნელობის“ იყო და რეგიონში რუსულ გავლენაზე მეტყველებდა, რითაც საფრთხე შეექმნებოდა შეერთებული შტატების პოლიტიკას საქართველოში „სტაბილურობისა და ენერგოდამოუკიდებლობის“ ამოცანების მიღწევაში დახმარებასთან დაკავშირებით და დასავლური ორიენტაციის კონტექსტში.
„თუმცა, წერილში ერთი დეტალი იყო გამორჩენილი: კრედიტორების დევნის საგნად ქცეული კომპანია Frontera 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა საქართველოში ნავთობის საბადოების აღმოჩენას, თუმცა წარმატების ნიშნები მცირე იყო”, – აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც „ფრონტერას“ შეეხება და იქვე აცხადებს, რომ ორი თვის შემდეგ საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ კომპანია Frontera-ს საქმიანობის კონფისკაცია გადადო და ეს იმით განმარტა, რომ, „კომპანიასთან დავის საქმეში სახელმწიფოს აბსოლუტურად მყარი პოზიციის მიუხედავად, მიუღებელია ჩრდილი მიადგეს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას“.