აშშ-ს გერმანიიდან დაგეგმილზე მეტი სამხედრო გაჰყავს
გერმანიაში ამერიკელი სამხედროების რიცხვი თითქმის 12 ათასით შემცირდება, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ადრე იყო ცნობილი.
პენტაგონის ხელმძღვანლის, მარკ ესპერის განცხადებით, დაახლოებით, 6 400-მდე სამხედრო დაბრუნდება სახლში, 5 600-მდე კი გადანაწილდება ევროპის ქვეყნებზე.
მანამდე აშშ-ში მხოლოდ 9 500 ჯარისკაცის გაყვანაზე საუბრობდნენ. გერმანიაში სულ 36 ათასამდე ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული.
ესპერის თქმით, ჯარმა ადგილი რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს, შესაძლოა, რამდენიმე კვირის განმავლობაში. მისი თქმით, ჯარის გადასროლა ნატო-ს გააძლიერებს, ასევე, რუსეთის შეკავებას გააუმჯობესებს, “მოკავშირეებს დაამშვიდებს” და “აშშ-ის სტრატეგიულ მოქნილობას გააუმჯობესებს”.
მისივე თქმით, როტაციის მთავარი ამოცანაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება შავ ზღვასთან უშუალო სიახლოვეში.
გარდა ამისა, დღეს გახდა ცნობილი, რომ ვაშინგტონი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის შტაბ-ბინას გერმანიის ქალაქ შტუტგარტიდან ბელგიის ქალაქ მონსში გადაიტანს.
AFP-ს ინფორმაციით, აშშ-ის ჯარის გადასროლის ქვეყნები შეიძლება, გახდნენ იტალია და ბელგია. კონტინგენტის ნაწილი, სავარაუდოდ, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებზე განაწილდება.
დონადლ ტრამპმა გერმანიიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანის მიზეზად დაასახელა ის, რომ ბერლინი ნატო-ს მიმართ ვალდებულებებს არ ასრულებს, კერძოდ, ალიანსის დაფინანსების ნაწილში.