თსუ-ის სტუდენტებმა ჭიათურაში, თხილისწყალის მაღაროში საველე პრაქტიკა გაიარეს (ფოტო, ვიდეო)

ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიური დეპარტამენტის სტუდენტები ესტუმრნენ.

სტუდენტებმა საველე პრაქტიკა შპს „GM-პერევისის“ კუთვნილ ობიექტზე, თხილისწყალის მაღაროში გაიარეს.

ახალგაზრდები შედარებით ახალგახსნილ გვირაბს ესტუმრნენ, მანგანუმის მოპოვების პროცესს დაესწრნენ, დაათვალიერეს გვირაბის გამაგრების ტიპები, ასევე, იმყოფებოდნენ სანგრევებზე და დასამუშავებელი ველის ქანის აგებულებასაც გაეცნენ.

„ორმაგად სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა თაობა ასეთ რთულ პროფესიას ეუფლება. სტუდენტები არ უშინდებიან ამ სირთულეებს და ეუფლებიან სპეციალობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მათ, პრაქტიკულად, ხელში გამოსცადეს ის მძიმე იარაღი, რომლითაც სამთოელები ყოველდღიურად თავიანთ სამუშაოს აწარმოებენ. დღევანდელი დღე მათთვის პრაქტიკულ ნაწილში პირველი ნაბიჯებია“, – აღნიშნა „ჯორჯიან მანგანეზის“ შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების ინჟინერმა, ალექსანდრე დოღაძემ.

„გეოლოგია ისეთი დარგია, რომლის პრაქტიკული ცოდნა და ნახვა თეორიულ კურსზე არანაკლებ მნიშნელოვანია. ეს ბავშვები ჭიათურის ამ მაღაროს შემადგენელ ერთერთ ძირითად მინერალს, ასევე, ამ საბადოს გენეზისს, მადნის ტიპებს და დამუშავების პროცესებს თეორიულად უკვე სწავლობენ, სწორედ ახლა კი ამ თეორიულ ცოდნას ისინი აქ, მაღაროში პრაქტიკული ნახვით იმტკიცებენ. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანლობას, ისინი ძალიან გვეხმარებიან. მაღალკვალიფიციური გეოლოგიური კადრების ჩამოყალიბება ასეთი პრაქტიკების ჩატარების გარეშე, პრაქტიკულად, შეუძლებელია“, – ამბობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბეჟან თუთბერიძე.

„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის გეოლოგებად ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობის მიღება. კომპანია ყოველთვის მზადაა, სტუდენტებს  დაეხმაროს და მათ პროფესიულ განვითარებაში წვლილი შეიტანოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები