დღგ-ის რეფორმის გაცნობის მიზნით, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა დღგ-ის ახალი რეფორმის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელ პირებსა და წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში შეხვედრა გამართეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ევროკავშირის დღგ-ის დირექტივასთან დაახლოების მიზნით, ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში მთავრობისა და ბიზნესსექტორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შევიდა.
“საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული დღგ-ის რეფორმა გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, ხელს შეუწყობს ქართველი და ევროპელი მეწარმეების საქმიან თანამშრომლობას, ასევე, გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასა და კიდევ უფრო მეტად აამაღლებს გადამხდელების ნდობას საგადასახადო ადმინისტრირების მიმართ”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ – მამუკა ბარათაშვილმა დღგ-ის ახალი რეფორმის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარადგინა და კომპანიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოს ბიზნესასოციაციის ოფისში გამართულ შეხვედრას შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი – რომან ბუღაძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – ლევან წითელაშვილი, ასევე, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი – სოსო ფხაკაძე, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი – ლევან ვეფხვაძე და სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
აღნიშნული სახის სამუშაო შეხვედრები გადასახადის გადამხდელებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სისტემატურად გაიმართება.
ვრცელი ინფორმაცია აღნიშნული ცვლილებების შესახებ განთავსებულია შემდეგ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4911996?publication=0