მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ზომიერი, კონტროლირებადი მატება ქვეყანას რყევებში არ ჩააგდებს, სიტუაცია მართვადია
“კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენთან ტენდენცია სტაბილურია, თუ ასე გაგრძელდება, ძალიან კარგია, რადგან ეს სიტუაცია არის მართვადი”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
“ჩვენთან ტენდენცია სტაბილურია, რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი რაოდენობა, რომელიც ჩვენთვის თითქოს შემაშფოთებელი იყო – 24 შემთხვევა, იქედან მოყოლებული თანდათან მცირდება და რამდენიმე დღეა, გვაქვს 5,6,7,8 შემთხვევა. თუ ასე გაგრძელდება, ეს სიტუაცია არის ძალიან კარგი, რადგან მართვადია. ზომიერი, კონტროლირებადი მატება ქვეყანას რყევებში არ ჩააგდებს.
ჩვენ ვიცით ორი კლასტერია – ლილოს ბაზრობა და გარდაბანის მუნიციპალიტეტი. ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები იზოლირებულია, მათი კვლევა გრძელდება.
ძალიან გეგმაზომიერად მართულია ეს პროცესი და იმედია, როგორც დანარჩენი ლოკალური ეპიდემიები გვქონდა კლასტერების სახით და ყველაფერი ჩამთავრდა კარგად, მეტნაკლებად, 1 თვიდან ორ თვემდე დაგვჭირდა, დამთავრებულიყო ის კერები. იმედია, აქაც ასე იქნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.