კრემლს სურს, იცოდეს ყველაფერი, რაც მსოფლიო ინტერნეტქსელში ხდება – ვინ რით სუნთქავს. თუმცა, ვინაიდან გლობალურ ინტერნეტცხოვრებაზე მხოლოდ კარიკატურული პროპაგანდის მეშვეობით შეუძლია მცირე გავლენების მოხდენა, რუსეთის ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანაში ტოტალური კონტროლი და ცენზურა უკვე დაამყარა.
რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვით გასაგები ხდება, რომ რუსეთის ხელისუფლება ინტერნეტის მასშტაბურ რეგულირებას უფრო შეეცდება. ამაზე მეტყველებს ის მრგვალი მაგიდა, რომელიც ფედერაციის საზოგადოებრივ პალატაში გაიმართა. „უსაფრთხო ინტერნეტის ლიგის“ დირექტორმა, სენატორ ელენა მიზულინას ქალიშვილმა, ეკატერინა მიზულინამ განაცხადა, რომ „გლობალური ინტერნეტკომპანიები ტრანსნაციონალური სახელმწიფოები გახდნენ, რომლებსაც მომხმარებლების წინაშე ნულოვანი პასუხისმგებლობა აქვთ.“ აქედან გამომდინარე, კრემლმა რუსეთის მოქალაქეების ციფრული უფლებები უნდა დაიცვას და დესტრუქციული მსოფლიო კონტენტიც გააკონტროლოს. „ნაციონალური ღირებულებების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, მალკევიჩმა აღნიშნა, რომ „ფეიკებისგან“ დასაცავად ინტერნეტპროკურატურა და ინტერნეტპოლიცია უნდა შეიქმნას, რომელსაც გამოძიებისა და დაკითხვის უფლებამოსილებაც ექნება. მალკევიჩი აცხადებს, რომ „კართაგენი უნდა დაინგრეს“ და ამისთვის პროფილური ძალოვნების ჩართვაც არის საჭირო. თუმცა, ამავე მრგვალი მაგიდის დროს მოსაუბრეებს გაახსენდათ, რომ, ინტერნეტგიგანტების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მათი დასჯა გართულდება, ისინი ხომ საერთაშორისო კომპანიები არიან. გაიხსენეს, რომ Twitter-მა არაფრით გადაიხადა 4 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმა, რომლის გადახდა მას და Facebook-ს ტაგანის რაიონულმა სასამართლომ დააკისრა. ტაგანის რაიონულმა სასამართლომ ეს ორი გიგანტი იმიტომ „დასაჯა“, რომ მათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების მონაცემების შემნახველი სერვერების გადატანაზე უარი თქვეს.
„უსაფრთხო ინტერნეტის ლიგის“ დამფუძნებელი, კონსტანტინ მალოფეევი აცხადებს, რომ სხვადასხვა ორგანიზაციის პარტნიორობა შეიქმნება, რომელიც „საშიში კონტენტის ამოსაძირკვად ბაზრის მონაწილეების ძალისხმევის გაზრდას“ უზრუნველყოფს. შეიძლება ითქვას, პირდაპირ ნორჩი ლენინელ-სტალინელელის სიტყვის გამეორებაა. მალოფეევი კრემლისტური ტელევიზია Царьград-ის დამაარსებელი და უკრაინის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ომის ერთერთი სულისჩამდგმელია. არსებული ინფორმაციით, მას ახლო ურთიერთობა აკავშირებს ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან.
რუსეთში ტოტალური ინტერნეტკონტროლის ეპოქა
ასეთი ინიციატივები უკვე არავის უკვირს. კრემლმა იცის თითქმის ყველაფერი, რაც რუსულ ინტერნეტქსელში – “რუნეტში” ხდება. ჩვენთვის, ალბათ, გასაოცარია, მაგრამ ეს რეალობაა – რუსეთის მოქალაქეებს ინტერნეტში არა მხოლოდ „როსპოდნადზორისა“ და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ადევნებენ თვალყურს, არამედ – მოხალისეებიც. სწორედ მათი წყალობით, 2018-2020 წლებში სოციალურ ქსელებში გაზიარებების გამო რუსეთში სამართლებრივი დევნის ნიაღვარი წამოვიდა. ადამიანებს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით ფოტოებისა და პოსტების გამო დევნიდნენ. იჭერდნენ კიდეც და აჯარიმებდნენ კიდეც.
უკიდეგანო თვალთვალსა და ცენზურაში ძალიან დიდი სახელმწიფო რესურსი ორგანიზაცია „უსაფრთხო ინტერნეტის ლიგის“ ორგანიზებითა და ძალისხმევით ჩაიდო. ეს ორგანიზაცია რამდენიმე ქვეორგანიზაციას აერთიანებს. მათი დიდი ნაწილი მართლმადიდებლური საფარველის ქვეშ საქმიანობს. ჯერ კიდევ 2010 წელს ლიგა მართლმადიდებელმა ოლიგარქმა, კონსტანტინე მალოფეევმა კავშირგაბმულობის მინისტრის, იგორ შეგოლევის, შსს-სა და დუმის ერთერთი კომიტეტის მხარდაჭერით დააფუძნა. ორი წლის შემდეგ რუსეთის სახელმწიფო დუმამ აკრძალული საიტების შესახებ კანონი მიიღო და „უსაფრთხო ინტერნეტის ლიგა“ რუსული ინტერნეტის მთავარი მაკონტროლებელი გახდა. ლიგის ერთერთი ხელმძღვანელი, დმიტრი სკურატოვია ყოფილი გენპროკურორის შვილი და მალოფეევის ჯგუფელია. „უსაფრთხო ინტერნეტის ლიგას“ “სუვერენული რუნეტის პირველ მერცხალს” უწოდებენ. სწორედ მან შეადგინა შავი საიტების პირველი სია, რომელიც დროთა განმავლობაში ექსტრემისტული მასალების ფედერალური სია გახდა. ასევე, შექმნა „თეთრი სიებიც“.
რა თქმა უნდა, სიტუაცია გამოიყენეს ყველაზე „ჭკვიანებმა“ და რუსულმა სპეცსამსახურებმა. ანონიმური Донос-ების წერის კარგი გამოცდილება ხომ საბჭოთა კავშირის დროიდან დაგროვდა – ახლა ამ სისხლიან ნაკვალევზე რუსეთში „კიბერ დრუჟინები“ შეიქმნა. მათმა დიდმა ნაწილმა სოციალური ქსელების მომხმარებლების დაშანტაჟება დაიწყეს – სთავაზობენ არჩევანს, ან გადაიხადონ ან ინტერნეტდანაშაულს შესაბამის ორგანოებს გააგებინებენ და ავტორს „გაზიარებისთვის“ დაიჭერენ. რუსულ სოც. ქსელებში ამბობენ: „რა გასაკვირია, რომ 4 მილიონი „დანოსი“ დაიწერა, პასუხი უკვე ვიცით – „კიბერდრუჟინებმა“ იყოჩაღეს.“
დაუჯერებელია, მაგრამ რუსეთის კიბერ საზღვრების დასაცავად ჯერ კიდევ წლების წინ კაზაკებს მოუხმეს. „კიბერ კაზაკები“ მალევე გახდნენ „მემებისა“ და ხუმრობების ადრესატები. კიდევ ერთი ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელმაც თავის რიგებში 5 ათასი კიბერ მოხალისე გააერთიანა, კრემლისტური „მედიაგვარდია“ გახდა. ამ მოძრაობის დამსახურება უმაღლეს დონეზე აღინიშნა: 2014 წელს მავნებლურ კონტენტთან ბრძოლისთვის შეუფასებელი ღვაწლისთვის „რუნეტის პრემიით“ დააჯილდოვეს. ამ „მედიაგვარდიის“ აქტივისტები Facebook-ს გამუდმებით სთხოვდნენ იმ ჯგუფების დაბლოკვას, რომლებშიც რუსეთის მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, საჩივრებს წერდნენ გენპროკურატურაში Telegram-ის მომხმარებლებზე და ცდილობდნენ “ვიკიპედიაში” სტატიების რედაქტირებას, ხოლო როცა ეს არ გამოუვიდათ, ინტერნეტენციკლოპედიას ბლოკირებით დაემუქრნენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა „როსახალგაზრდობა“, მას თავად აქვს მასალების დაბლოკვის პრივილეგია ისევე, როგორც რუსულ შსს-ს, პროკურატურასა და „ეფ-ეს-ბე“-ს. ამ ორგანიზაციებთან დაკავშირება და მათ რიგებში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მიზანი ერთია – ინტერნეტიდან გაქრეს აკრძალული კონტენტი დაწყებული წიგნიდან „სადამდე მიიყვანა რუსეთი პუტინმა“ დამთავრებული ონლაინთამაშების საიტებით. ადამიანების დასასჯელად ერთერთი ყველაზე პოპულარული უკვე გახდა 20-წ მუხლის 3-ე ნაწილი, რომლითაც ინტერნეტქსელში გამოხატულ, ხელისუფლების უპატივცემულობას სჯიან. ძირითადად, ამ მუხლს იმათ მიმართ იყენებენ, ვინც ვლადიმერ პუტინს უპატივცემულოდ მოიხსენიებს. 2019 წელს პუტინის ლანძღვის გამო სამართლებრივი დევნა 44 ადამიანს შეეხო.
რუსეთის ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ასეთ ინტერნეტცენზურას პოზიტიურად არ შეხვედრია. ჯერ კიდევ 2018 წელს ადამიანები გამოდიოდნენ ქუჩებში პლაკატებით ხელში, სადაც, მაგალითად, ეწერა შემდეგი: „რად მინდა პენსია, თუ ახალგაზრდობაში დამიჭერენ „გაზიარებისთვის“?“ სოციალური ქსელების მომხმარებლები ითხოვდნენ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა ინტერნეტში „დაპოსტილის“ გამო აღარ დამდგარიყო. იმდენად დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა, რომ ვლადიმერ პუტინმა, რომელსაც ინტერნეტის ძალა ბევრზე კარგად ესმის, ყველაზე მასშტაბური მუხლის დეკრიმინალიზაცია მოახდინა. საოცრად „დემოკრატიული“ ცვლილება განხორციელდა – მას მერე პირველი დარღვევისთვის ადმინისტრაციულად – ჯარიმით სჯიან ან მაინც ადმინისტრაციული პატიმრობით, გააჩნია, რამდენად გაბრაზებულია ხელისუფლება. ხოლო მეორე დარღვევისთვის წლის განმავლობაში ადამიანები უკვე სისხლის სამართლებრივად იდევნებიან. საგულისხმოა, რომ ანალოგიური კიბერდრუჟინები მოქმედებენ ჩინეთში და „შესაბამის“ ორგანოებს ინტერნეტმომხმარებლების ზედმეტი აქტიურობის შესახებ ატყობინებენ. შესაბამისად, ჩინეთი უკვე რამდენიმე წელია, „ბლოგერ-პოლიტპატიმრების რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. შესაძლოა, მალე მის მონაცემებს რუსეთიც მიუახლოვდეს. ფაქტია, ამის საწყისები უკვე ჩანს. პანდემიის პიკის პერიოდში, როდესაც რუსეთის მოქალაქეები სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ინფორმაციას ხელისუფლების უმოქმედობის, დანაშაულებებისა და თუნდაც კლინიკების არასაკმარისი რაოდენობის შესახებ წერდნენ, ბევრ მათგანთან სახლში შემდეგ მიდიოდა პოლიცია. ან ჯარიმებს უწერდნენ ან ადმინისტრაციულად აკავებდნენ „ფეიკინფორმაციის“ გავრცელების გამო.
კანონი სუვერენული ინტერნეტის შესახებ
2019 წლის ვლადიმერ პუტინმა „სუვერენული რუნეტის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის ძალაში შესვლას ხელი მოაწერა. პაკეტში გაერთიანებული რამდენიმე კანონის მიხედვით, რუსეთში არსებული კავშირგამბულობის ოპერატორები ვალდებულები გახდნენ თავიანთ ქსელებზე, „როსკომნადზორის“ მიერ მიწოდებული სპეციალური მოწყობილობები დააერთონ. ამ მოწყობილობების მეშვეობით, რუსული ინტერნეტისთვის შეფერხების, მოსალოდნელი საფრთხისა და ერთიანობის დარღვევის შემთხვევაში, უწყება შეძლებს, „ტრაფიკი“ გაფილტროს და მომხმარებლებს რუსეთში აკრძალულ რესურსებზე წვდომა შეუჩეროს. „სუვერენული რუნეტის“ შესახებ კანონი სახელმწიფოსგან ონლაინკომუნიკაციებზე სრულ კონტროლს გულისხმობს – შესაძლებლობა ჩნდება, მსოფლიო ინტერნეტი გაითიშოს როგორც ლოკალურად, ისევე – გლობალურად მთელს რუსეთში.
Human Rights Watch-ის დასკვნით, ამ კანონის ფართომასშტაბიანი რეალიზების შემთხვევაში, ხელისუფლება შეძლებს, ნებისმიერი არასასურველი მსოფლიო კონტენტი დაბლოკოს.
უფლებადამცველი ორგანიზაციების – „აგორა“-სა და „როსკომსვობოდა“-ს ინფორმაციით, რუსეთში 2019 წელს სახელმწიფოს მხრიდან ინტერნეტში ინფორმაციის შეზღუდვის 440 ათასი მცდელობა უკვე მოხდა. ამ ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წელს რუსეთში განხორციელდა კანონების გამკაცრება, IT ბიზნესზე ზეწოლა, სახელმწიფო სტრუქტურების მოთხოვნით ინტერნეტკავშირის არაერთხელ გათიშვა. ასევე, „ჩრდილო კორეა- ჩინეთის მსგავსი სუვერენული ინტერნეტის შესაქმნელად“ სხვა მრავალი ნაბიჯი გადაიდგა. „რეპორტიორები საზღვრის გარეშეს” მიერ შედგენილი სიტყვის თავისუფლების ყოველწლიური რეიტინგით რუსეთი 180 ადგილიდან 149-ეს იკავებს.
„ეფ-ეს-ბე“-ს მოთხოვნით, მობილური ინტერნეტის ლოკალურად გათიშვის პრეცედენტი უკვე არსებობს. ეს ინგუშეთში მიტინგების გამართვის დროს მოხდა. მსგავსი გათიშვები ასევე დაფიქსირდა ქალაქ შიესში, ნაგვის გადამამუშავებელი პოლიგონის აშენების გამო გამართულ საპროტესტო აქციებზე და ულან-უდეშიც, სადაც ადამიანები მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ. პირველად კი, ინტერნეტის გათიშვა მოქალაქეებისთვის მოსკოვში, მოსკოვის დუმაში არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების არ დაშვების გამო ჩატარებულ აქციებზე მოხდა. დაფიქსირდა ლოკალური გათიშვებიც-ლუბლიანსკის სასამართლოში „ახალი სიდიადის“ საქმის საკვანძო მოწმის მოსმენისას, ჟურნალისტებს მოულოდნელად ინტერნეტკავშირი შეუწყდათ. ასევე, 2019 წელს „ეფ-ეს-ბე“-მ მოსთხოვა კომპანიებს, რომლებიც რუსეთის მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებზე ამუშავებენ, დაამონტაჟონ აპარატურა, რომელიც სპეცსამსახურს მისცემს საშუალებას ავტომატურად მიუერთდნენ ამ კომპანიების ინფორმაციულ სისტემებს და სასამართლო სანქციების გარეშე მიიღონ წვდომა მომხმარებლების მიმოწერაზე.
გასულ წელს რამდენიმე სახელმწიფო უწყებამ აკრძალული რესურსების სიაში 270 ათასი საიტი და გვერდი შეიყვანა. 100 ათასზე მეტი მიმართვა განხორციელდა კავშირგაბმულობის ოპერატორებთან ამა თუ იმ რესურსზე წვდომის შეჩერების შესახებ. 2018 წლის აპრილში „როსკომნადზორმა“ მილიონობით IP-მისამართი დაბლოკა, რადგან Telegram-ს ებრძოდა, რომლის ხელმძღვანლობამ რუსული სპეცსამსახურებისთვის შიფრების გასაღები გადაცემაზე უარი თქვა. ამ დაბლოკვამ რუსეთის ტერიტორიაზე უამრავი ინტერნეტსერვისის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
ძნელია, არ დაეთანხმო ჰიუ უილიამსონს, Human Rights Watch -ის ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორს – მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება ორი მიმართულებით შენდება: „ტოტალური კონტროლი და „მსოფლიო ქსელისგან“ სულ უფრო დიდი იზოლირება“. ხელისუფლების მიერ შეკრებილია უზარმაზარი არსენალი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას გააკონტროლოს ინფორმაცია, მომხმარებლები და ქსელი. რუსეთის ხელისუფლების საბოლოო მიზანია ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის მსგავსი სუვერენული ინტერნეტის შექმნა, როგორც დასავლეთთან ბრძოლისა და საკუთარ ქვეყანაში არსებული რეალობის დამალვის მეთოდი.
რატი გვაზავა