საპარტნიორო ფონდის ენერგეტიკის სექტორში შესვლის მთავარი მიზანი, ადგილობრივი ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა და ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაა

„საპარტნიორო ფონდის” საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გადაცემაში „ბიზნესი იმედზე” აცხადებს, რომ ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკას საპარტნიორო ფონდის პრიორიტეტებიც პასუხობს. მათ საინვესტიციო პორტფელში დიდი ადგილი სწორედ ენერგეტიკას ეთმობა.

„საპარტნიორო ფონდისა” და საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის ერთობლივი პროექტია კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური „გარდაბნის-1″, რომელიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში. პროექტის ღირებულება 233 მლნ აშშ დოლარი იყო. „საპარტნიორო ფონდის” თანამონაწილეობა კაპიტალის 49%-ს შეადგენდა. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 230 მეგავატის სიმძლავრის ენერგოკომპანია, 5 წლის წინ შევიდა ექსპლუატაციაში. დაფინანსებასთან ერთად, ფონდი პარტნიორს და მმართველ გუნდს ეხმარება გრძელვადიანი მდგრადობის მიღწევაში.

გასულ წელს დამოუკიდებელი ინვესტიციით აშენებული „გარდაბანი 2″-ის ამუშავება ამის ნათელი მაგალითია. სპეციფიურ სექტორებზე ფოკუსირება უზრუნველყოფს „საპარტნიორო ფონდის” გუნდის ექსპერტულ ცოდნას ამ სექტორების შესახებ. ფონდი პროექტში თავისი მონაწილეობის პარალელურად, ასევე ხელს უწყობს პროექტებისთვის უპირატესი დაფინანსების მოპოვებას კომერციული წყაროებიდან და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან.

დიმიტრი ხორავა აცხადებს, რომ ქართული ენერგოსექტორი იმ დონეზეა განვითარებული, რომ ინვესტორებისთვის საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველ მიმართულებას წარმოადგენს.

„მთავარი მიზეზი, რის გამოც საინვესტიციო ფონდი შევიდა ენერგეტიკის სექტორში და პროექტების დაფინანსებას ახორციელებს, არის ის, რომ ხელი შევუწყოთ ადგილობრივად ელექტროენერგიის წარმოების გაზრდას და შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება. ხელი შევუწყოთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტები და სამოქმედო პრინციპი”, – აცხადებს „საპარტნიორო ფონდის” საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველო განაგრძობს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის წარმატებით განხორციელებას. განსაკუთრებით დადებით სიგნალად, ინვესტორებისთვის ენერგეტიკული ბირჟის დაფუძნება სახელდება, რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობას მომავალი წლის ივლისისამდე გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები