“საქართველოს მოქალაქემ კარგად შეიგრძნო თავისუფლების, სამართლიანობის, მედიაპლურალიზმის ფასი და ახლა მიხვდება, პროპორციულთან დაახლოებული საარჩევნო სისტემა პოზიტიურისკენ როგორ შეცვლის პოლიტიკურ კულტურას”
“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესები შეფასდა, ეს ჩვენს ინტერესშია იმიტომ, რომ ამ პროცესებში არავის ეჭვი არ გვეპარება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში, გამოხატვის თავისუფლებიდან, მედიაპლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი დაემუქრება.
„კითხვის ნიშნები რაც არსებობს, ამასთანა კომფორტულად ვგრძნობთ თავს იმიტომ, რომ საქართველოში, გამოხატვის თავისუფლებიდან, მედია პლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი დაემუქრება მარტივი მიზეზის გამო – იმიტომ, რომ ქართველმა მოქალაქემ თავისუფლების, სამართლიანობის ფასი ძალიან კარგად შეიგრძნო, მედია თავისუფლებისა და პლურალიზმის ფასსაც ძალიან კარგად გრძნობს და ახლა მიხვდება, პროპორციულთან უფრო ახლოს მყოფი საარჩვენო სისტემა როგორ შეცვლის პოზიტიურისკენ ქართულ პოლიტიკურ კულტურას და ამას უკან ვერავინ ვეღარ დააბრუნებს. რაც უფრო მეტი შეფასება იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან საქართველოს დემოკრატიზაციის კონსოლიდირების პროცესისა, ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვართ ამის”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.