გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტატისტიკის სამსახურს უწყებაში არსებულ ინფორმაციას მიაწვდის – მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტრო საქსტატს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის საჭირო პირველადი, უწყებაში არსებული ინფორმაციით უზრუნველყოფს, რის საფუძველზეც საქსტატი სამინისტროს, შესაბამისად, დამუშავებულ ინფორმაციას მიაწვდის.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, საიმედო და ზუსტი სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით სწორი პოლიტიკის შემუშავებისთვის და, ასევე, მჭიდრო თანამშრომლობა საქსტატთან, რომელიც ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის ერთადერთი მწარმოებელია, არის ძალიან მნიშვნელოვანი. “სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქსტატს რეგიონებიდან ინფორმაციის მოპოვებასა და მიღების ორგანიზებაში დაეხმარება“, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, მემორანდუმის გაფორმებით უწყებებს შორის თანამშრომლობა ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის.
„მიმაჩნია, რომ თემატური სამუშაო ჯგუფების წევრების მონაწილეობით გამართული სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს როგორც ოფიციალური სტატისტიკის წარმოებას, ისე, გადაწყვეტილების მიმღები პირების მათთვის საჭირო და ობიექტური სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფის პროცესს“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ მოაწერეს.