“მხოლოდ სწავლასა და განვითარებაზე ფიქრობდა” – რას ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმემ, ოჯახის გარდა, მისი მეგობრებიც გაურკვევლობაში დატოვა. როგორც “რეგიონულ კვირას” გარდაცვლილის ერთერთმა მეგობარმა განუცხადა, საქმეში ბევრი გაურკვეველი გარემოება იკვეთება.

23 წლის გარდაცვლილის მეგობრები თამართან ურთიერთობის პერიოდს იხსენებენ.

“ერთმანეთი საფრანგეთში გავიცანით, როცა სასწავლებლად აქ ჩამოვიდა. ორი წლის წინ შემთხვევით “მაკდონალდში” შევხვდით. მახსოვს, წიგნით იყო მოსული “მაკდონალდში” და თან კითხულობდა. ძალიან კარგი ადამიანი იყო. მხოლოდ სწავლასა და განვითარებაზე ფიქრობდა. მეტი განვითარებისთვის იბრძოდა, რომ მეტს მიეღწია ცხოვრებაში, ამიტომ თვითმკვლელობას გამოვრიცხავ 100%-ით. მსგავს თემაზეც კი არ საუბრობდა არასოდეს. სუიციდის მიმართ დამოკიდებულებაც კი არ ჰქონია”, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” თამარის მეგობარმა.

გარდაცვლილის ახლობელი, ანანო ჟღენტი “რეგიონულ კვირასთან” იმ პერიოდსაც იხსენებს, როცა თამარი უნივერსიტეტში ჩარიცხვის პასუხებს ელოდებოდა.

“მხოლოდ ერთ წელს ისწავლა ჩემს ქალაქში, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ერთი წლის მანძილზე მანდ იყო და შემდეგ პარიზში ჩაირიცხა უნივერისტეტში. მახსოვს, როგორ ნერვიულობდა ტესტის ჩაბარებაზე და რომ ჩაირიცხა, უბედნიერესი იყო. მახსოვს, მის საცხოვრებელთან ერთი კვირის მანძილზე კონცერტი იყო და მუსიკებისა და ხმაურის გამო ხელი ეშლებოდა მეცადინეობაში, “მაკდონალდში” ადიოდა ხოლმე წიგნებით. ხასიათით მორიდებული იყო, არ იყო თავხედი და თავისუფალი გოგო”, – განაცხადა ანანომ.

“რეგიონული კვირა” თამარისა და მისი მშობლების ურთიერთობითაც დაინტერესდა. როგორც მეგობრები ამბობენ, თამარს მშობლები ძალიან უყვარდა. მათთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ და დედა მისით ძალიან ამაყობდა.

“ოჯახის წევრებთან ხშირი კონტაქტი ჰქონდა, რა თქმა უნდა. დედამისი ამაყობდა მისით, რომ ასეთი წარმატებები ჰქონდა აქ, როცა ჩაირიცხა უნივერსიტეტში. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მისი სახით ერთერთი ძალიან მაგარი და წარმატებული ახალგაზრდა დავკარგეთ”, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” თამარის მეგობარმა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთერთ სოფელში შეამჩნიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები