ბიძინა ივანიშვილი: ხალხს მეტი სიცხადე სჭირდება, მეტი სიახლოვეა მათთან საჭირო, კარგად ვიცით რეალობა, რომ ხალხს ჯერ კიდევ უჭირს
პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა კარგად იცის, რომ ხალხს მეტი სიცხადე სჭირდება, რომ ხალხს უჭირს. მისივე თქმით, გაჭირვების გამომწვევი ობიექტური მიზეზების განმარტება ხალხის ყოფას ვერ აუმჯობესებს. “ხალხს მეტი სიცხადე სჭირდება, მეტი სიახლოვეა მათთან საჭირო. ჩვენ კარგად ვიცით რეალობა, რომ ხალხს ჯერ კიდევ უჭირს. ამ გაჭირვების გამომწვევი ობიექტური მიზეზების განმარტება მათ ყოფას ვერ აუმჯობესებს. ქვეყნის წინსვლას არ აქვს ფასი, თუ თითოეული ადამიანი, თითოეული ოჯახი ეკონომიკურად არ მოძლიერდა”, – აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე თქმით, “ეკონომიკური წარმატება და კეთილდღეობა, პირველ ყოვლისა, განათლებით მიიღწევა. “სწორედ ამიტომ მიიღო ჩვენმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ბიუჯეტის მეოთხედის განათლებაში დახარჯვის შესახებ, განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა – სწორედ ეს იქნება “ქართული ოცნების” სამოქმედო გეგმა და მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში. ამის მყარი საფუძვლები ჩვენ უკვე ჩაყრილი გვაქვს და მას ახლა განმტკიცება სჭირდება”, – განაცხადა ივანიშვილმა.