ბიძინა ივანიშვილი: გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შეძლებს, იტვირთოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, ჩვენმა გუნდმა წინ წაიყვანა ქვეყანა ბევრი მიმართულებით
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შემძლეა, იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, რადგან ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში გუნდმა წინ წაიყვანა ქვეყანა ბევრი მიმართულებით.
ამის შესახებ ივანიშვილმა კოჯორში, “ქართული ოცნების”მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“მინდა, დარწმუნებით ვთქვა, გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შემძლეა, იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა. ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა წინ წაიყვანა ქვეყანა ბევრი მიმართულებით. პროგრესი თვალსაჩინოა, პრაქტიკულად, ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, არავინაა იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები აღარ არსებობს. ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს განვითარება. რყევებით სავსე ეპოქაში, საქართველომ ბოლო რვა წლის განმავლობაში შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში. დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში, რა თქმა უნდა, საქართველოც დგება ახალი გამოწვევებისა და საკითხების ახლებურად გააზრების საჭიროების წინაშე. დღევანდელი რეალობა სულ სხვა დღის წესრიგს, სხვა მოთხოვნებს გვიყენებს. გამოწვევები მართლაც ბევრია, საშინაო თუ საგარეო, რომელსაც ქვეყანა მზად უნდა დახვდეს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.