„ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა“ დიდგორობის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას ითხოვს

პარტია „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა“ დიდგორობის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას ითხოვს. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი შიხიაშვილმა და პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი გიგაურმა განაცხადეს.
„ჩვენი პოლიტიკური ძალის მიერ არის ინიცირებული კანონპროექტში ცვლილება, რათა დიდგორობა გამოცხადდეს, როგორც საყოველთაო, ეროვნული დღესასწაული.
ყველას კარგად მოეხსენება, რომ დღეს საზოგადოებაში დაკნინებულია ეროვნული სულისკვეთება, მეტსაც ვიტყვი, ეროვნული კულტურა. ჩვენს მომავალ თაობას ქუჩაში რომ გააჩერებ და ეკითხები, ხაბაზმა ააშინა თბილისი, თუ ვახტანგ გორგასალმაო, რაღაც გარკვეული ნაწილი გეუბნება – კობა ხაბაზმა ააშენაო. დიახ, ეროვნული დღესასწაული და ის საზეიმო განწყობა, რომელიც უნდა შეიქმნას დიდგორის გამარჯვების აღსანიშნავად ქვეყანაში, რა თქმა უნდა, აჩენს ინტერესს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის დიდგორი, როგორ გადარჩა ქართველი ერი, იმ ერთობამ რა მოუტანა ქვეყანას“, – განაცხადა შიხიაშვილმა.
გიორგი გიგაურის თქმით, აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით პარტია მთავრობის ადმინისტრაციას მიმართავს.
„მას შემდეგ, რაც თურქეთმა აია-სოფია გამოაცხადა მეჩეთად და ამით უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა მთელს საქრისტიანოს, განსაკუთრებით, მართლმადიდებლობას, უფრო აქტუალური გახდა ეს საკითხი. წლებია, „ქართული მარში“ ამას მოითხოვს – ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს სახელმწიფო დღესასწაულთა ნუსხიდან ამოღებული დიდგორობა კვლავ დაუბრუნდეს სახელმწიფო დღესასწაულთა ნუსხას. აქედან გამომდინარე, 12 აგვისტო დაინიშნოს უქმე დღედ. ეს არის ერთერთი ყველაზე დიდი დღე საქართველოს ისტორიაში, ქართველთა თვითიდენტიფიკაციისთვის უდიდესი მნიშვნელობის დღეა, რომლის სახელმწიფოებრივ დონეზე არაღნიშვნა სირცხვილია.
ჩვენ, “ქართული მარში” დღეს ოფიციალურად გადავცემთ სახელმწიფო კანცელარიაში ბატონი გიორგი გახარიას სახელზე ოფიციალურ განაცხადს, რომლითაც დიდგორობა უნდა დაკანონდეს სახელმწიფო დღესასწაულად.” –  განაცხადა გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები