მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია – 3 კარანტინის ზონიდანაა, 1 კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში ბოლოს 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია – 3 კარანტინის ზონიდანაა, 1 კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
„დაემატა ოთხი ახალი შემთხვევა და სულ გახლავთ 1010 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული არის მხოლოდ ორი და ეს რიცხვი მთლიანობაში 885-ს შეადგენს. “კოვიდცენტრებში” მკურნალობს 148 პაციენტი. ამ ოთხი ახალი, დადასტურებული შემთხვევიდან ყველა გახლავთ შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო დანარჩენი გახლავთ საკარანტინე სივრცეში დადასტურებული შემთხვევები. ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში როტაციით მყოფი სამხედრო მოსამსახურეებიდან კიდევ 10 პირი ჩამოიყვანეს საქართველოში, მათ იქ დაუდასტურდათ „კოვიდ-19“ და ამ ეტაპზე მოთავსებულნი არიან გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა თითქმის დამაკმაყოფილებელია. 148 პაციენტიდან, რომელიც ამჟამად კოვიდცენტრებში მკურნალობს, 38 გახლავთ გორის ჰოსპიტალში მოთავსებული, ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში როტაციით მყოფი ინფიციფირებული სამხედრო პირი. ჯამურად, შემოტანილი დადასტურებული შემთხვევა 41-ს შეადგენს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.