სეს-ი: 9 სახეობის ნახევარფაბრიკატში ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია შემცველობას არ შეესაბამებოდა
სურსათის ეროვნული სააგენტო ნახევარფაბრიკატებს ამოწმებს. ინსპექტირების ჯგუფებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან 40 ნიმუში (ცხენის/ვირის ხორცის იდენტიფიცირებისთვის – 20 ნიმუში; ფრინველის ხორცის იდენტიფიცირებისთვის – 20 ნიმუში) აიღეს.
სააგენტოს ცნობით, ნიმუშები აკრედიტებულ ლაბორატორიაში (,,ხარისხის ლაბორატორია – LLC Quality Lab”) გამოიკვლიეს.
“ხორცის სახეობრივი კვლევის შედეგად, 9 ნიმუშში აღმოჩნდა ფრინველის ხორცი, თუმცა ეტიკეტზე აღნიშნულის შესახებ მითითებული არ იყო. სახეობრივი კვლევა ჩატარდა ცხენის/ვირის ხორცზეც, შედეგად, არცერთ შემთხვევაში დარღვევა არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა. ნახევარფაბრიკატები, რომლებშიც ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია შემცველობას არ შეესაბამებოდა: შპს თავადური 2014″ – „კატლეტი გაყინული”; „გუფთა გაყინული”; შპს “ექსტრა მითი” – „სოსისი საბავშვო”;შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა ვაკე” – „სოსისი საქონლის ვაკე”;შპს „ოს გრუპი” – „პილმენი გაყინული”; შპს ნიკორა – „ხინკალი სამეფო”; „სოსისი ივერია”; შპს ფასანაური 2010 – „ფარში ძროხისა და ღორის ხორცის”; შპს ხახაბო – „გაყინული ხინკალი”. სახეობრივი კვლევისთვის ნიმუშების აღების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს აგრძელებს”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.