ხობში კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა გაიხსნა

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ 40 ჰექტარზე გაშენებული კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა გახსნეს.

„ახალი საშენი მეურნეობის ტერიტორიაზე, ველური ბუნების სააგენტოს მიერ მოხდება როგორც ფლორის, ასევე ფაუნის აღწარმოება. რამდენიმე ათას ადგილობრივ კოლხურ ხოხობს ყოველწლირად დაცულ ტერიტორიებზე გავუშვებთ. ადგილობრივი სახეობები, ფაქტობრივად, გადაშენების პირასაა და წითელი ნუსხაშია. აღწარმოება, რომელიც ახალ საშენ მეურნეობაში მოხდება, ხელს შეუწყობს როგორც გენეტიკური ფონდის შენარჩუნებას, ისე რეგულაციებით ნადირობის ახალ პერსპექტივებს გააჩენს. სამინისტრო წლებია უკვე ამ მიმართულებით მუშაობს და, ვფიქრობ, შედეგს მალე მივიღებთ” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრი ადგილობრივ მონადირეებსაც შეხვდა და ნადირობის სეზონის გახსნის და რეგულაიციების შესახებ ისაუბრა. ნადირობის სეზონი აგვისტოს მე-4 შაბათს გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე და მონადირეთა უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო.

„დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ველური ბუნების სააგენტოს საქმიანობა და ახალ საშენ მეურნეობაში განსახორციელებელი ღონისძიებები. ჩვენ ვივლით იმ გზით, რომლითაც იარეს ევროპულმა ქვეყნებმა, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ნადირობა დაშვებულია, პოპულაციების ზრდა დიდია. უნდა მოხდეს ყველა იმ სახეობის გამრავლება, რომელიც კოლხეთის დაბლობზე ბინადრობდა და დღეს გადაშენების პირასაა. მნიშვნელოვანია პროცესის დაწყება, რითაც ჩვენ შევძლებთ იმ წონასწორობის აღდგენას, რაც, სამწუხაროდ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი, 90-იან წლებში იქნა დარღვეული”, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ახალი საშენი მეურნეობის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, ველური ბუნების სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ბეჟაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე ზურაბ ჩეკურიშვილი და ფონდის „განვითარება და გარემო” თავმჯდომარე თემურ ტყემალაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები