ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის​ საქმის განხილვა გადაიდო

ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის​ საქმის განხილვა გადაიდო.

პროკურატურამ სასამართლოს ჩოგბურთელის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებისთვის ვადის გახანგრძლივება სთხოვა.

ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, მოცემულ შემთხვევაში, გამოძიებამ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს, თუმცა ვადის გაგრძელება გაუმართლებელია.

“ცნობილია, რომ ოჯახში ჩადენილ ძალადობაზე არ სჭირდებათ ხოლმე წინასწარი გამოძიების გახანგრძლივების ვადა. შესაძლოა, მსგავსი ფაქტი ერთი იყოს ან საერთოდ არ არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, გამოძიებამ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ვადის გაგრძელება გაუმართლებელი იყო. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობა არასოდეს ჩაუდენია. საქმეში დევს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ ბავშვზე დედა ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს.

რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს, ის აღარ გავასაჩივრეთ, რადგან აღარ იყო ვალიდური. ჩვენ ვხედავთ მოცემულ საქმეში, რომ ბავშვი ერთი მშობლიდან მეორე მშობელზე ზემოქმედებისთვის იარაღად არის გამოყენებული”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები