“მიგრაციამ აქაურობას განსაკუთრებული კვალი დაატყო“ – 21 -კომლიანი სოფელი ლეჩხუმში, რომელიც დიდი ისტორიით გამოირჩევა

ლეჩხუმში, სოფელი ნაკურალეში ყველაზე მაღალი სოფელია, რომელიც ზღვის დონიდან 1100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ადმინისტრაციული ცენტრიდან ის 16 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში, რომელიც დიდი ისტორიითა და განსაკუთრებული რელიეფით გამოირჩევა, ძირითადად, 60 წელს გადაცილებული ადამიანები ცხოვრობენ. კომუნისტების დროს სოფელში ბავშვთა დასასვენებელი ბანაკები ეწყობოდა, ზამთარში კი სამთო-სათხილამურო ოლიმპიადები ტარდებოდა.

დღეს „რეგიონული კვირა“ 21-კომლიანი სოფლის შესახებ გიამბობთ. როგორც მერიის წარმომადგენელი ნაკურალეშის ადმინისტრაციულ ერთეულში – გია ყურაშვილი გვიყვება, თემში 2 სოფელი – ნაკურალეში და ცხუკუშერი შედის და ორივე სოფელში ზამთარში სულ 42 ადამიანი ცხოვრობს. თუმცა, არქივის ჩანაწერების მიხედვით, მხოლოდ ნაკურალეშში 370 კომლი იყო და ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა.

„ამ ორი სოფლის მოსახლეობა ძალიან მცირეა და მიგრაციამ აქაურობას განსაკუთრებული კვალი დაატყო, უმეტესობა 60 წელს ზემოთაა და ცხუკუშერის სკოლაში მხოლოდ 1 ბავშვი სწავლობს. გვიხარია, რომ ნაკურალეშში პანდემიის დროს ოჯახი დაგვიბრუნდა 3 მცირეწლოვანით. ერთს გეტყოდით: ამ სოფელს აქვს ყველა ის კომპონენტი, რაც ტურიზმის განვითარებისთვისაა საჭირო. უცხოელები აქ ხშირად ამოდიან, გაოცებულები და გაოგნებულები არიან აქაურობით. ამ სოფლიდან ჩანს მთელი კავკასიონი, რაჭის მთები და ლეჩხუმის საუკეთესო ხედები“, – ამბობს გია ყურაშვილი.

სოფლის რწმუნებული იმედოვნებს, რომ ინვესტორი აქაურობას დღეს თუ ხვალ აუცილებლად გამოუჩნდება და სოფელში ადამიანები დაბრუნდებიან. წლების მანძილზე დამდგარი წყლის პრობლემა კი უახლოეს თვეებში გადაიჭრება.

„სახელმწიფომ 150.000 ლარი უკვე გამოყო, ტენდერიც ჩატარებულია, გამარჯვებულიც გამოვლენილი. დიდი ჭაბურღილი გაკეთდება და მთელი სოფელი ამოისუნთქებს. გვექნება წყალი. მომავალ კვირაში დაიწყება გაბურღვითი სამუშაოები, მე მთელი ცხოვრების მანძილზე აქ ვცხოვრობ და, შეძლებისდაგვარად, გვერდში ვუდგავარ ჩემს მაცხოვრებლებს. ძალიან მენანება ამდენი დაკეტილი სახლის ყურება, მაგრამ იმედს არ ვკარგავ“, – გვითხრა სოფლის თავკაცმა .

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები