“აპლიკაციებს 3 აგვისტომდე ველოდებით” – ცაგერში,​ GRETA-ს პროექტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტში, GRETA-ს პროექტის ფარგლებში, მდგრადი მთის ტურიზმის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი საგრანტო კონკურსის პროექტის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესის მეწარმეები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფორმატი პროექტ GRETA -ს პრეზენტაციასა და მდგრადი მთის ტურიზმის, ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტების, საბაზრო პოტენციალის გაზრდასა და ტექნიკური შესაძლებლობების წარდგენა-განხილვას გულისხმობდა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

როგორც პროექტის ტურიზმის კომპონენტის მენეჯერი, თამარ ჭელიძე “რეგიონულ კვირასთან“ განმარტავს, GRETA საქართველოს სამ რეგიონში: რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში, კონკრეტულად კი 8 მუნიციპალიტეტში მუშაობს. შესაბამისად, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსები – „ტურიზმის განვითარების ინიციატივა“, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ მონაწილეობა.

„დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ საგრანტო განაცხადი, რომელიც განიხილება ორგანიზაციის მიერ, ხოლო საუკეთესოს გამორჩევის შემთხვევაში მათ გრანტის მიღების შანსი ეძლევათ. დაგეგმილია ტრენინგები მათთვის, ვინც მეორე ეტაპზე გადავა, ისინი ისწავლიან პროექტების წერას. გრანტის საერთო ბიუჯეტია 1 მილიონი ევრო. აპლიკაციებს ველოდებით 3 აგვისტოს ჩათვლით“, – განაცხადა თამარ ჭელიძემ.

მისივე თქმით, საგრანტო პროექტები ორი მიმართულებით ფინანსდება.

პროექტი “მწვანე ეკონომიკა – მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)”, რომელსაც ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამა აფინანსებენ და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA) ახორციელებს, მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და შემოსავლების ახალი შესაძლებლობების შექმნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები