ირაკლი კობახიძე: უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება” მაჟორიტარი დეპუტატობის ოცდაათივე კანდიდატს წარადგენს
“უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება” წარადგენს მაჟორიტარი დეპუტატობის ოცდაათივე კანდიდატს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2″-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სიაში იქნებიან როგორც ,,ქართული ოცნების” გუნდის გამოცდილი წევრები, ასევე – ახალი სახეები.
„ჩვენი ამოცანა არის გუნდის განახლება და, ამასთან ერთად, ჩვენი ამოცანაა, წარვდგეთ საზოგადოების წინაშე საარჩევნო პროგრამით, სადაც აისახება ყველა ის მიმართულება, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან. სიაში იქნებიან როგორც ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები, ასევე – იქნებიან, ბუნებრივია, ახალი სახეები. უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად მომდინარეობს მუშაობა ამასთან დაკავშირებით და, ბუნებრივია, ყველა შემდგომ არჩევნებზე არის საჭირო გუნდის განახლება და ამ შემთხვევაშიც „ქართული ოცნება” განახლებული გუნდით წარდგება საზოგადოების წინაშე. კრიტერიუმი იქნება ობიექტური. ეს არის პროფესიონალიზმი და წესიერება.
ჩვენი ახალი კანონით დადგენილი ვალდებულება, რომ ყოველი მეოთხე სიაში უნდა იყოს განსხვავებული სქესის, თუმცა, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამის მიღმაც კიდევ უფრო ფართოდ იქნებიან ჩვენს სიაში წარმოდგენილი ქალები. ამაზე აქტიურად გრძელდება მუშაობა. უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება” წარადგენს მაჟორიტარი დეპუტატობის ოცდაათივე კანდიდატს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ისაუბრა სტრატეგიაზე, რომელიც საარჩევნოდ „ქართულ ოცნებას” ექნება. მისი თქმით, კამპანია აგებული იქნება იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებისა და ქვეყნის მოსახლეობის სოციალურო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
„ჩვენი მთავარი გამოწვევები არის დაკავშირებული ეკონომიკასთან, სოციალურ მდგომარეობასთან, განსაკუთრებით – პანდემიის გათვალისწინებით და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად ამოვიდეთ იმ კრიზისიდან, რომელიც შექმნა პანდემიამ. ბუმებრივია, ეს აინტერესებს საზოგადოებას და ჩვენი კამპანია აგებული იქნება, რა თქმა უნდა, იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებისა და ქვეყნის მოსახლეობის სოციალურო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის”, – განაცხდა ირაკლი კობახიძემ.