პრეზიდენტი: ღვთისმშობლის კვართი ჩვენთვის ერთერთი უდიდესი სიწმინდეა, რომელიც აფხაზეთთან გვაერთიანებს საქართველოს (ვიდეო)

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას დაესწრო, მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს მოსახლეობას ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდიდან მიულოცა.

“მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღესასწაული – ვლაქერნობა, რომელიც მართლაც უდიდესი დღესასწაულია ჩვენი ქვეყნისთვის.
ალბათ, ზუგდიდი და მცხეთა ის ორი წმინდა ადგილია, რომელიც ყველა ქართველმა უნდა მოინახულოს და მოილოცოს.

ვისურვებდი და მოვუწოდებდი ყველას, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაესწრონ ვლაქერნობის დღესასწაულს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ღვთისმშობლის კვართი ჩვენთვის ერთერთი უდიდესი სიწმინდეა, რომელიც ასევე გვაერთიანებს აფხაზეთთან“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც მან განაცხადა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რელიგიური ტურიზმის მიმართულებას და ამაზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და საპატრიარქომ უნდა იმუშაოს, რაზეც მათ პრეზიდენტის სრული მხარდაჭერა ექნებათ.

“ეს არის ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც უნდა ჩამოვიდნენ არა მხოლოდ ქართველი მომლოცველები, არამედ – უცხოელებიც და არამხოლოდ აქ. ძალიან ბევრი წმინდა ადგილია საქართველოში და ჩვენი ქვეყანა შეიძლება, რელიგიური ტურიზმის მიმართულებით ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი გახდეს.  ამაზე უნდა იმუშაოს ტურიზმის სააგენტომ და საპატრიარქომ, რასაც ჩემი ყველანაირი მხარდაჭერა ექნება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები