„მინდა, მანონი ანატოლიელ ქალებს გავაცნო“ – ზანდურის მოსავლის აღებაში მონაწილეობა თურქეთის ელჩმაც მიიღო

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშში პედაგოგ მანონი ახვლედიანს უძველესი ენდემური ჯიშის ხორბლის – “ზანდურის“ მოსავლის აღებაზე თურქეთის ელჩი, ფატმა სერენ იაზგანი და უცხოელი სტუმრები ესტუმრენ. მანონი ახვლედიანმა უძველესი ხორბლის ჯიში, რომლის წარმომავლობა რაჭა-ლეჩხუმია, ფაქტობრივად, “გადაარჩინა” – ნათესები დათესა და „ზანდურის სახლი“ დააარსა. ხორბალი სექტემბერში ითესება და მოსავლის აღება ივლისში ხდება.
სტუმრებს შორის მყოფი ინგლისელი ნიკოლა, რომელიც ხაბაზია და ინგლისში ხორბლის უძველესი ჯიშების მოყვანითაა დაინტერესებული, “რეგიონულ კვირასთან“ ჰყვება, რომ ლეჩხუმელი პედაგოგის შესახებ მისი მეგობრისგან შეიტყო, რომელმაც დიდ ბრიტანეთში დაწერა წიგნი, რომელშიც მანონი ახვლედიანზეც იყო სტატია. შემდეგ ვებსაიტი აღმოაჩინა, სადაც „ქალები საქართველოდან“ ინფორმაცია იყო განთავსებული და ღვირიშელ ქალსა და „ზანდურის“ მოყვანაზე ჰყვებოდნენ.
„ამ ამბებს გამოვყევი საქართველოში, ლეჩხუმში ჩამოვედი, რადგან ხორბლის ისტორიას ზუსტად აქ მოვყავართ. ამერიკასა და ევროპაში ენდემური ჯიშების მოყვანით ახლა ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული, რადგან ხორბლის ამ სახეობებს სხვა ჯიშებთან შედარებით ბევრი სასარგებლო და თავდაცვის თვისება ახასიათებთ“, – გვიყვება ნიკოლა.
მისგან ისიც შევიტყვეთ, რომ მანონის დასახმარებლად თურქეთის ელჩს, რომელსაც დიდი ხანია, იცნობს, მანონიზე მოუთხრო და სთხოვა, თავად ენახა მოსავალი.
„დღეს აქ ელჩთან ერთად უძველესი ლეჩხუმური ხელსაწყოს – „შნაკვის“ დახმარებით მოვიმკით ხორბლის მოსავალს, ამაში ამინდიც კი ხელს გვიწყობს“.
სტუმრებს შორის იყო ნიკოლა პერნო – ფოტოგრაფი, რომელმაც საქართველოზე დოკუმენტური ფილმი და არაერთი ცნობილი ფოტო გადაიღო. ნიკოლა გვიყვება, რომ საქართველოში უკვე 5 წელია, მოგზაურობს.
„მიყვარს საქართველო და, განსაკუთრებით, ის ადგილები, რომლებიც ტურისტულად ნაკლებად ცნობილებია. ჩემთვის ლეჩხუმი საქართველოში ერთერთი საყვარელი ადგილია. მანონის სამიანობა ძალიან მომწონს, ის ხომ დიდ საქმეს აკეთებს, მან ხორბალი გადაარჩინა. მე საქართველოში მუდმივად მომიწევს ყოფნა, რადგან ჩემი მეუღლე კახეთიდანაა”, – ამბობს ფრანგი ფოტოგრაფი.
„რეგიონულმა კვირამ“ ინტერვიუ თურქეთის ელჩს საქართველოში, ფატმა სერენ იაზგანსაც სთხოვა, რომელიც სტუმრებთან ერთად „შნაკვით“ იღებდა „ზანდურის“ მოსავალს. ფატმა იმ ისტორიას იხსენებს, როცა კახეთში ინგლისელმა ხაბაზმა მაიკლმა მანონიზე მოუთხრო და დააინტერესა.
„მაიკლს კახეთში შევხვდი, სადაც მან მითხრა, რომ ლეჩხუმში, სოფელ ღვირიშში იყო ქალი, პედაგოგი, რომელიც ამ ჯიშის მოყვანით დაინტერესდა. მე ვუთხარი, რომ თურქეთში, ანატოლიაშიც იყვნენ ქალები, რომლებმაც კოოპერატივი შექმნეს და ანალოგიურ საქმიანობას აწარმოებდნენ. ჩემი ამოცანა, თუ რატომ ვარ აქ, გახლავთ ის, რომ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახო, მანონის ანატოლიელი ქალები გავაცნო, ტექნოლოგიის დახვეწაზე ვიფიქროთ და ერთად გავაკეთოთ ეს საშური საქმე“, -გვითხრა თურქეთის ელჩმა საქართველოში, ფატმა სერენ იაზგანმა.
მოსავლის აღების შემდეგ, სტუმრებმა ლეჩხუმის „ზანდურის სახლი“ დაათვალიერეს.

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები