კახა ბექაური აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს „თელიასონერამ“ და „ბილაინმა“ ქართული ბაზრის დატოვება მისი თავმჯდომარეობისას გადაწყვიტეს, სიმართლეს არ შეესაბამება
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ერთერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ გია ჯოხთაბერიძის განცხადებას პასუხობს.
ბექაურის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორმა კომპანიამ – „თელიასონერამ“ და „ბილაინმა“ ქართული ბაზარი მისი თავმჯდომარეობის დროს დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„გია ჯოხთაბერიძის ტყუილი კომპეტენტურობაზე პრეტენზიის მქონე მედიამ სათაურში გაიტანა და გადამოწმების გარეშე ყალბი ამბის ტირაჟირებას ახდენს. სიმართლე კი ასეთია: ორი ე.წ.„ტრანსატლანტიკური“ კომპანია (ალბათ ტრანსნაციონალურს გულისხმობს), რომელზეც ჯოხთაბერიძე ლაპარაკობს, ერთი „თელიასონერაა“, მეორე კი – „ვიონი“, ანუ „ბილაინი“. ამ უკანასკნელს, დღეს რომ „ტრანსატლანტიკური“ გახდა, ბატონი გია აქამდე რუსულს ეძახდა. რაც შეეხება „თელიასონერას“, ევრაზიის რეგიონიდან გასვლა კომპანიამ 2015 წელს გადაწყვიტა. გასვლის მიზეზი კი, ერთერთ შუააზიურ ქვეყანაში კორუფციული სკანდალი იყო. „თელიასონერას“ საქართველოდან გასვლა არ უნდოდა. მიუხედავად ბაზრის სიმცირისა, საქართველო მათთვის მაინც მიმზიდველი იყო, რადგან მათი აზრით საქართველოს სატელეკომუნიკაციო გარემო ერთერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპაში. „თელიასონერა“ მთელი რეგიონიდან გავიდა, რეგიონული ოფისი და სტრუქტურა გააუქმა, შესაბამისად, საქართველოდანაც მოუწია გასვლა. კვალიფიციურ ბიზნესმედიას ამის გადამოწმება არ უნდა უჭირდეს.
P.S. ხუთსაათნახევრიან საკომიტეტო მოსმენაზე ბევრმა მსგავსმა სიყალბემ გაიჟღერა. დღეს მხოლოდ ამით შემოვიფარგლები…“,- წერს ბექაური.