„კუდის წარმომადგენლები გეგმას არ დაემორჩილნენ, ხალხში გამოვიდნენ და სცემდნენ“

   26 მაისის საქმეზე საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის ყოფილმა მოადგილემ, შალვა ჯანაშვილმა აქციის დეტალების შესახებ ისაუბრა. ჯანაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანა 2011 წლის 26 მაისის აქციაზე მომიტინგეთა მაქსიმალური დაკავება იყო. მისი თქმით, გეგმა, რომელიც შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს შესთავაზა, არ ითვალისწინებდა გაზის გამოყენებას. ჯანაშვილის თქმით, გაზის არგამოყენებაზე პირადად მინისტრის განკარგულება იყო, რომელიც მან სამართალდამცველებს გააცნო. როგორც მინისტრის ყოფილი მოადგილე აცხადებს, გეგმა იყო ასეთი, რომ უნდა გაკეთებულიყო რკალი, რუსთაველის გამზირზე განლაგებულიყო 1200 ერთეულით შემდგარი ქვედანაყოფი, რომელსაც თავად უხელმძღვანელებდა, ხოლო თავისუფლების მოედანზე განლაგდებოდა მეორე, სამართალდამცველების ქვედანაყოფი, რომელსაც მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე გია ლორთქიფანიძე უხელმძღვანელებდა. შალვა ჯანაშვილის თქმით, მისი ქვედანაყოფი უნდა დაძრულიყო თავისუფლების მოედნისკენ და გაეწმინდა ტერიტორია ხალხისგან. თუმცა, როგორც ჯანაშვილი ამბობს, პარალელურ რეჟიმში კონსტიტუციური უსაფრთხოების ქვედანაყოფი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობაში იყო განლაგებული, რომელიც ტერიტორიიდან არ უნდა დაძრულიყო, თუმცა კონსტიტუციური უსაფრთხოების ქვედანაყოფის წარმომადგენლები, მინისტრის ყოფილი მოადგილის თქმით, გეგმას არ დაემორჩლნენ, ხალხში გამოვიდნენ და მათ დაუწყეს ცემა. ჯანაშვილის განცხადებით, გეგმის მიღმა, გია ლორთქიფანიძის ქვედანაყოფიც დაიძრა თავისუფლების მოედნიდან, რა დროსაც იგი დაუკავშირდა ლორთქიფანიძეს და გადაადგილების მიზეზი ჰკითხა. მან უპასუხა, რომ თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან ვიღაც დახმარებას ითხოვდა და სწორედ ამის გამო დაიძრა ლორთქიფანიძის ქვედანაყოფი. როგორც ჯანაშვილი ამბობს, როდესაც სიტუაცია გეგმის მიღმა ხორციელდებოდა, იგი დაუკავშირდა ვანო მერაბიშვილს და უთხრა, რომ სიტუაცია თავად გაეკონტროლებინა, რადგან გეგმა ირღვეოდა, მერაბიშვილისგან კი მიიღო პასუხი: “არ იდარდო”. შალვა ჯანაშვილმა ნინო ბურჯანაძის ესკორტის გადაადგილებაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იმ ტერიტორიაზე, სადაც ესკორტი გადაადგილდებოდა, განლაგებული იყვნენ სამართალდამცველები, არ არსებობდა თავისუფალი ადგილი და შესაძლებლობა, რომ გვერდი აეარათ ადამიანებისთვის. რის შედეგადაც, ესკორტის გავლის შედეგად, რამდენიმე პოლიციელი დაშავდა, მათ შორის, ორი მძიმედ, ხოლო ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჯანაშვილის განცხადებით, პოლიციელების დაშავების ფაქტმა სპეცრაზმელები და სამართალდამცველები გააღიზიანა. ამასთან, შალვა ჯანაშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიტინგის დაშლამდე ჩატარდა თათბირი, სადაც არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია და გაიჟღერა ცნობებმა, რომ აქციის მონაწილეებს მოლოტოვის კოქტეილები, ასევე ხელკეტები ჰქონდათ. როგორც შალვა ჯანაშვილი ამბობს, მას შემდეგ, რაც აქცია დაიშალა, ტერიტორიაზე მართლა აღმოაჩინეს მინის ბოთლები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ მოლოტოვის კოქტეილებს წარმოადგენდა. მერაბიშვილის ადვოკატების შეკითხვის საპასუხოდ, შალვა ჯანაშვილმა განაცხადა, რომ მიტინგის დაშლის მთავარი მიზანი იყო ტერიტორიის გაწმენდა იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო მეორე დღეს დაგეგმილი აღლუმისთვის ხელის შეშლა. სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ შალვა ჯანაშვილმა ს
ასამართლოს შენობა უკომენტაროდ დატოვა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა უფროსის ყოფილი მოადგილე სვიმონ ქარჩაიძე დაიკითხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები