პროკურორი: გალ ჰარიშისთვის ბრალის წარდგენა 2008 წელს კეზერაშვილის მიერ გაფლანგულ 5 060 000 ევროს უკავშირდება
“გალ ჰარიშისთვის ბრალის წარდგენა 2008 წელს კეზერაშვილის მიერ გაფლანგულ 5 060 000 ევროს უკავშირდება”, – ამის შესახებ Imedinews-ს ექსკლუზიურად პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, 2008 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 5 060 000 ევროს გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჯერ კიდევ 2013 წელს გამოავლინა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანიათა ჯგუფებს – Defensive shield Group-სა და Girwood business corp-ს შორის, რომელთა დამფუძნებელს სხვა პირებთან ერთად გალ ჰირში წარმოადგენდა, გაფორმდა ხელშეკრულება წვრთნების სახით მომსახურების მიწოდებაზე. ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კომპანიებს 5 060 000 ევრო გადაურიცხა, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება საქართველოს სამხედრო ძალებისთვის არ გაუწევია.
ზემოაღნიშნულ ფაქტზე, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს – დავით კეზერაშვილსქ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს – ალექსანდრე ნინუას წარედგინათ ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე.
ბრალდებულთა მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რომლის განხილვა ამ ეტაპზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კვლავ აქტიურად გრძელდება. საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გადარიცხული 5 060 000 ევრო, პერიოდულად, განაწილდა რამდენიმე სახელმწიფოში, სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე. ასევე, დგინდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გადარიცხული თანხების წარმომავლობის შესანიღბად Girwood business corp-ს ხელმძღვანელმა პირებმა ერთერთი სახელმწიფოს საბანკო დაწესებულებაში წარადგინეს სავარაუდოდ ყალბი ინფორმაცია თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით. სწორედ აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა დღეს ისრაელის სახელმწიფოს მედია სივრცეში.
ამჟამად, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს ორმხრივ საერთაშორისო თანამშრომლობას პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან, მათ შორის, ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან და მიმდინარე რეჟიმში, აქტიურად ხორციელდება როგორც საქართველოდან ისრაელის სახელმწიფოში გაგზავნილი, ისე – ისრაელის სახელმწიფოდან საქართველოში გამოგზავნილი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შუამდგომლობების შესრულება.
სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, საქმეზე მიღებულ იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რომელის შესახებაც საზოგადოებას დამატებით ეცნობება
ისრაელის პროკურატურა გადამდგარი გენერლისთვის, გალ ჰირშისა და მისი 3 ბიზნესპარტნიორისთვის, რომელთაგანაც ერთერთი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ნათესავია, ბრალის წარდგენას გეგმავს.
მათ კომპანიაში – „დამცავი ფარი“ ედავებიან საქართველოსთან თავდაცვის სფეროში საქმიანობის შედეგად მიღებულ 11 მილიონზე მეტი ოდენობის შემოსავლებზე გადასახადებისთვის თავის არიდებას. სავარაუდოდ, დანაშაულს ადგილი ჰქონდა 2007-2009 წლებში“, – ნათქვამია სტატიაში.
წყარო: imedinews.ge