რა გავლენა ექნება ტურიზმსა და ეკონომიკაზე 5 სახელმწიფოსთან საზღვრის გახსნას – ეკონომისტ ვახტანგ ჭარაიას განმარტება

რა გავლენას იქონიებს ტურიზმსა და ეკონომიკაზე 5 სახელმწიფოსთან საზღვრის გახსნა, რა ფინანსურ შემოსავლებს უნდა ელოდოს საქართველო – ამ საკითხებთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეკსლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ჭარაიამ ისაუბრა.

„2019 წელთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმი ჩავარდნილია. განსაკუთრებით, ეს ეხება უცხოელი ვიზიტორების კომპონენტს, რომელიც, დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად, განულებული გვაქვს. თუმცა, აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელი და შესაძლებელია, მივიღოთ უცხოელი ვიზიტორები და კონკრეტულად ამ 5 ქვეყანას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება, ვნახოთ, რომ ჯამურად, დაახლოებით, 90 000-მდე ვიზიტორზეა საუბარი – შარშანდელ ანალოგს თუ დავეყრდნობით, თუმცა ესეც სადავოა. საბერძნეთში ჩატარდა მსგავსი მოდელირება, თუ რამდენ ტურისტს მიიღებენ ისინი წლის ბოლომდე და ყველაზე ოპტიმისტური სცენარითაც შეძლებენ, მიიღონ იმის მესამედი, რაც წინა წელს ჰქონდათ. საქართველოშიც იმავე მიმართულებით რომ წამოვიდეთ, ამ 90 000 -დან, მაღალი ალბათობით, შესაძლოა, 30 -დან 50 ათასამდე ვიზიტორი მივიღოთ, ესეც  – ოპტიმისტური სცენარით. იგივე რაოდენობა რომ მივიღოთ, რაც შარშან, ზეოპტიმისტური იქნება.
ყველაზე ოპტიმისტური მოდელის შემთხვევაშიც კი შემოსავალს რასაც ვიღებთ, ეს არის შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მხოლოდ 6 %. ეს არ არის ის, რაც გადაარჩენს ქართულ ტურიზმს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ტურიზმი შეეხიდოს უცხოელ ვიზიტორებს და როცა ერთი მეორესთან შეჯერდება, როგორც მინიმუმ, სასტუმროებს ექნებათ დატვირთვა და არ იქნებიან ცარიელები. შეიძლება, იმდენი შემოსავალი ვერ მიიღონ, რამდენსაც შარშან იღებდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ შეეძლებათ, შეინარჩუნონ თავიანთი საქმიანობა, თანამშრომლები, გადაიხადონ გადასახადები. ეს 5 ქვეყანა კარგია, თუმცა ეს ვერ გადაგვარჩენს. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ამ 5 ქვეყნიდან მიღებული ფინანასური შემოსავალი, რომელიც 100 მილიონ დოლარს ვერ აღემატება, ჩვენი გაანგარიშებით, უპირისპირდება იმ რისკს, რომ საქართველოში შეიძლება, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს და შიდა გადადებებს ჰქონდეს ადგილი, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში არ ფიქსირდება. ჩვენ შეიძლება, გარკვეული რისკის ქვეშ დავაყენოთ ინფიცირების შესახებ ჩვენი მონაცემები. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვნადაა შემცირებული მკურნალობის გაუმჯობესების ხარჯზე და საქართველოშიც, საბედნიეროდ, დიდი ხანია, გარდაცვლილთა რაოდენობა არ გაზრდილა. ეს იმის წინაპირობაა, რომ დაავადებების გარკვეული რაოდენობის მართვა საქართველოს ჯანდაცვვის სისტემას შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ ის მინიმალური რისკი, რომელსაც ველით, გამართლებულია, მაგრამ აქაც როგორ გაგვიმართლებს, ამაზეა დამოკიდებულია. შეიძლება, ძალიან გავგვიმართლოს, შეიძლება, საერთოდ არ გაგვიმართლოს და ცუდად წავიდეს საქმე. გარკვეული რისკი ამ ყველაფერში არის, მაგრამ მთლიანობაში ამ 5 ქვეყანას დარწმუნებული ვარ, სხვა უსაფრთხო ქვეყნები დაემატებიან და, საბოლოოდ,  შევძლებთ შარშანდელი მაჩვენებლის არა 6 %,  არამედ, უფრო მაღალი მაჩვენებელი გამოვიმუშაოთ“, – განაცხადა ჭარაიამ.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს საზღვარს უხსნის.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები