ლევან დავითაშვილი: ატამთან დაკავშირებით ერთერთი ყველაზე წარმატებული წელი 2020-ია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ატმის რთვლის მიმდინარეობას გაეცნო. ლევან დავითაშვილმა დილიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობის მეპატრონეები მოინახულა და ადგილობრივ საბითუმო ბაზარში მოვაჭრეების პრობლემები და არსებული მდგომარეობა შეაფასა. დავითაშვილის განცხადებით, ატმის მოსავალი სეზონზე მაღალია და, მიუხედავად პანდემიის ფონისა, საექსპორტე მიმართულების მხრივაც მყარი მოთხოვნაა.

„ერთერთი ყველაზე წარმატებული წელი, რომელიც ბოლო წლებში ჩვენ გვახსოვს ატამთან დაკავშირებით, არის 2020 წელი. მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც გლობალურად შეიქმნა, მათ შორის, სამეზობლო ქვეყნებში, ატმის რეალიზების პროცესს არ ჰქონია შეფერხება არცერთი წუთით, ასევე, ფასები არის საკმაოდ მაღალი და ფერმერებიც აღნიშნავენ ამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი შრომა, მათი მთელი წლის ჯაფა დაფასდეს და მოახდინონ, ერთი მხრივ, უპრობლემოდ რეალიზება და, მეორეს მხრივ – მაღალ ფასად. ადგილობრივ ბაზარზე რეალიზება გაზრდილია, 5 000 ტონა უკვე გასულია გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან, სეზონი ახლა შედის, ჯერჯერობით, აქტიურ ფაზაში. მოსავალიც საკმაოდ მაღალია და საექსპორტე მიმართულებითაც ვხედავთ, რომ მყარი მოთხოვნაა. ასე რომ, რეალიზებას პრობლემა ნამდვილად არ შეექმნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

სამაცივრე მეურნეობისა და საბითუმო ბაზრის მონახულების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთერთი ადგილობრივის ნაკვეთში მივიდნენ და რთველის მიმდინარეობაში მონაწილეობა პირადად მიიღეს.

„ატმის რთველი კარგად მიმდინარეობს, დაახლოებით, 20 სამაცივრე მეურნეობა აქტიურად იღებს ფერმერებისა და მოსახლეობისგან ატამს. ფასიც ძალიან კარგია. ფერმერებიც გამოთქვამენ კმაყოფილებას. ყოვედღიურად, დაახლოებით, 1500 ადამიანი არის ცართული მოსავლის დაბინავების საქმეში როგორც ადგილობრივები, ისე, ჩვენი ქვეყნის დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული მუშაკები“, – აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

გასულ წელთან შედარებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა და წელს უკვე 20 შეადგინა. ყველა მათგანი შეფერხების გარეშე აგრძელებს მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები