“სვამდა ხოლმე და ეს თუ გახდა მიზეზი, არ ვიცი” – სურამში ფემიციდის მსხვერპლს სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა

სურამში ფემიციდის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. 30 წლამდე ქალს ქმარმა საწოლში სანადირო თოფით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ფემიციდის მსხვერპლს 3 არასრულწლოვანი შვილი დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი დანაშაულის ჩადენის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემთხვევა დღეს, დაახლოებით, გამთენიის 3 საათზე მოხდა.

მოკლული ქალის მეზობლებს მომხდარის მიზეზზე საუბარი უჭირთ. ოჯახს მეზობლები დადებითად ახასიათებენ.
როგორც „რეგიონულ კვირას“ ერთერთმა ადგილობრივმა განუცხადა, გუშინ წყვილს ქორწინების 14 წლის თავი შეუსრულდა და აღნიშნეს კიდეც.
„ეს წუთია, მოვედი ბაზრიდან და ეს ამბავი გავიგე. თავზარდაცემული ვარ. არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. სულ ხელიხელ ჩაკიდებულები დადიოდნენ. არ ვიცი, რა მოუვიდა, რა მოელანდა, ეს სასტიკი დანაშაული რომ ჩაიდინა. მოვედი და მითხრეს, თეო მოკლაო. სამი ბავშვი ობლად დარჩა“, – ამბობს ერთერთი მეზობელი, დარეჯან ჯავახიშვილი.
„გამოვედით დილით და დაგვხვდა ეს ამბავი. არაფერი ვიცით. კარგი შვილი იყო ორივე. ძალიან ტკბილი ოჯახი ჰქონდათ, რა მოეჩვენა, არ ვიცი. სასმელს სვამდა ხოლმე და ეს თუ გახდა მიზეზი, არ ვიცი“, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” მეორე მეზობელი.

შეგახსენებთ, პოლიციამ მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. დაკკავებული 1986 წელს დაბადებული ი.ქ.-ა.
დანაშაული თავისუფლების 13-დან 17 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, 2014-2018 წლებში საქართველოში 135 ქალი მოკლეს. ამ მკვლელობებიდან 64 შემთხვევაში გამოიკვეთა ოჯახური დანაშაული, ხოლო 71 შემთხვევაში – სხვა მოტივი. გარდა მკვლელობებისა, ამავე წლებში მკვლელობის მცდელობის 69 ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 46 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ოჯახურ ძალადობას.

რაც შეეხება 2019 წლის 10 თვის მონაცემებს, რომელიც ომბუდსმენმა სამართლდამცავი უწყებებიდან გამოითხოვა, ქვეყანაში 16 ქალი მოკლეს, საიდანაც 9 შემთხვევაში ოჯახში ძალადობის ფაქტი გამოვლინდა.

ამავე პერიოდში სამართალდამცველებმა ქალთა მკვლელობის 16 მცდელობა დააფიქსირეს, საიდანაც ოჯახური ძალადობის ნიშანი 12 შემთხვევაში გამოიკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები