რუსკა თევზაძე: სულ ცოტა, სირცხვილია, თუ არა დანაშაული, კონკრეტული ადამიანებისა და ოჯახების ტრაგედიებით მანიპულირება და ამის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება
სულ ცოტა, სირცხვილია, თუ არა დანაშაული, კონკრეტული ადამიანებისა და ოჯახების ტრაგედიებით მანიპულირება და ამის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, – ამის შესახებ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, განათლების ექსპერტი რუსკა თევზაძე აცხადებს.
მისი თქმით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის გარკვეული ნაწილის პოლიტიკურ გაკოტრებას უსვავს ხაზს და ამ შემთხვევაში, აღარც კი ვსაუბრობთ ამ ბაქხანალიაში ჩართული ადამიანების ღირსებისა და სინდისის კატასტროფულ დევალვაციაზე.
ბოლო მოვლენების ფონზე, ჩემ მიერ სახელდებული ე.წ. „საეთერო ოპოზიცია“ კვლავაც ტრიალებს და ბრუნავს, ტრიალებს ბრუნავს ძირითადად სატელევიზიო სივრცეში და არ ისვენებს. აშკარაა, რომ ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდან თამაშგარე მდგომარეობაში საკუთარი თავის ჩამყენებელი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც კვლავაც შეიწოვა და შეითავისა აქამდე ფორმალურად მისგან ვითომდა გამიჯნული ევროპული ყაიდის ნაციონალები, გამწარებული ცდილობს იპოვოს საკუთარი თამაში და აღიდგინოს მრისხანე და უმთავრესი ოპოზიციურიძალის დაკარგული იმიჯი.
ერთის მხრივ, ვერ ელევა რა მისთვის დამახასიათებელ სტილს, წესსა და ჩვეულებას, ე.წ. „საეთერო ოპოზიციის“ საქმიანობა კვლავაც ძალუმადაა გაჯერებული ადამიანური პირადი ტრაგედიების საჯარო კვლევა-ძიებით, მათი მიკერძოებული ინტერპრეტირებითა და ხელისუფლებისდისკრედიტაციის მცდელობით ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი ხერხით.
მსურს მათ შევახსენო, რომ სულ ცოტა სირცხვილია, თუ არა დანაშაული, კონკრეტული ადამიანებისა და ოჯახების ტრაგედიებით მანიპულირება და ამის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. ეს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის ამ ნაწილის პოლიტიკურ გაკოტრებას უსვავს ხაზს და ამ შემთხვევაში, აღარც კი ვსაუბრობთ ამ ბაქხანალიაში ჩართული ადამიანების ღირსებისა და სინდისის კატასტროფულ დევალვაციაზე. ამავე დროს, „საეთერო ოპოზიცია“ ეძებს რა დიდ თამაშში დაბრუნების გზებს, თითქოს მიაგნო წაუგებელ ვარიანტს, როდესაც ინტელექტუალურად, მორალურად და სახელმწიფოებრივი ხედვის კუთხით სრულიად გაკოტრებულმა,ვითომდაც ქვეყნის ეკონომიკაზე და მისი მოსახლეობის კეთილდღეობაზე მოფიქრალმა სამიზნედ ამოიღო საზღვრების გახსნის თემა.
შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, იმ ყიჟინისა და გამალებული მოწოდებების გულწრფელობაში ქვეყნის ხელისუფლების მიმართ, საზღვრების დაუყოვნებელი გახსნის მოთხოვნით, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში სულ უფრო ინტენსიური გახდა, შესაძლოა ნაკლებად შეგვეტანა ეჭვი, რომ არა უპრეცენდენტო სუბიექტივიზმი და ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების პრაქტიკა, რასაც ასე შეგვაჩვია ოპოზიციის ამ ნაწილმა.
გათვლა, რა თქმა უნდა, უმარტივესია…საზღვრების გახსნის შემდგომ, თუ მსხვილმაშტაბიან ეპიდემიას გადაურჩება მოსახლეობა, ოპოზიცია ამას თავის თავზე მიიწერს და შეეცდება ქულების ჩაწერას მათთვის მეტად მძიმე არჩევნების წინ. თუმცა, მათთვის ალბათ უფრო მისაღები მეორე და ქვეყნისთვის უმძიმესი ვარიანტი რჩება, როდესაც ვირუსის იმპორტირების შედეგად დაიწყება უკონტროლო სიტუაცია და ქვეყნის მოსახლეობის მასშტაბურ დაინფიცირებას ვეღარ გაუმკლავდება ხელისუფლება. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, კვლავ დადგება საკითხი შეზღუდვების ხელმეორედ შემოღებისა და გამკაცრებისა, რაც სახელისუფლო პარტიისთვის აუცილებლად წამგებიანი გამოდგება არჩევნების წინ და მნიშვნელოვნად გაუზრდის შანსებს ოპოზიციურ ფლანგს. „ამღვრეულ წყალში ღლავის დაჭერის“ შესაძლებლობა, ასე იშიფრება „საეთერო ოპოზიციის“ მორიგი მზაკვრული ტაქტიკა და სტრატეგია.
ძალიან კარგად მესმის, რა ქვეყნისთვის ეკონომიკის მნიშვნელობა და მისი გავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ამ ეტაპზე სრულად ვიზიარებ პრემიერის მიერ გადადგმულ რაციონალურ ნაბიჯებს და მივიჩნევ, რომ გადაწყვეტილება საზღვრების ეტაპობრივი და ფრთხილი გახსნის შესახებ გამართლებულია მსოფლიოში და მით უფრო, ჩვენს რეგიონში არსებული რეალობის გათვალისწინებით.
საზღვრების ნაჩქარევი და გაუაზრებელი გახსნა უმძიმეს უარყოფით გამააქტიურებელ ფაქტორად შეიძლება გადაიქცეს. შესაბამისად, ეკონომიკური თვალსაზრისით მივიღებთ არარაციონალურ ხარჯვას, ვინაიდან სოციალურ უსაფრთხოებაში ჩადებული ადამიანური თუ ფინანსური კაპიტალი ბევრად მეტი აღმოჩნდება, ვიდრე ეკონომიკური შემოსავალი.
ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამგვარი ფრთხილი და კარგად აწონილი რეგულაციური ხასიათის ჩარევები, ვიდრე ბუნებრივად არ მოხდება გარკვეული ტიპის ბალანსის აღდგენა ეკონომიკურ და სოციალურ უსაფრთხოებაში ჩადებულ ფინანსურ კონტრიბუციას შორის,” – აცხადებს რუსკა თევზაძე.