მიხეილ ჩხენკელი: მსურს, წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს ცხოვრების მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეების დასაწყისში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ თითოეული მათგანი გამოცდებს თავს წარმატებით გაართმევს, რადგან გამორჩეულმა თაობამ უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია, გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდეს.

„დღეს ვიწყებთ საგამოცდო პროცესს, რომელიც გაგრძელდება 25 ივლისამდე. ცნობილი მიზეზების გამო, წელს უჩვეულო გარემოში გვიწევს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება, თუმცა დარწმუნებული ვართ, ამ გამოწვევის მიუხედავად, აბიტურიენტები მაქსიმალურად შეძლებენ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენას. ეს გამორჩეული თაობაა, მათ უკვე დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას. მჯერა, რომ, ასეთივე წარმატებით, ისინი თავს გაართმევენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა აბიტურიენტებისთვის შეგვექმნა სრულფასოვანი აკადემიური გარემო მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

ასევე მინდა, გაცნობოთ, რომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მათ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად დააფინანსებს. იმავე პირობებით ისარგებლებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტები.

მსურს, წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს ცხოვრების მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეების დასაწყისში. მჯერა, რომ ცხოვრების გზა, რომელსაც ეს ახალგაზრდები დღეს დაიწყებენ, ახალი სასწავლო წლიდან​ უნივერისტეტებში გაგრძელდება და შემეცნებისა და პროფესიული სრულყოფისკენ სწრაფვა მათ ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებთ საზოგადოებაში“, – მიმართავს მინისტრი აბიტურიენტებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 08:00 საათზე, ხოლო გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო. აბიტურიენტებმა რეგისტრაციის პროცესი დისტანციის დაცვით გაიარეს. ცენტრებში შესვლამდე მათ ჩაუტარდათ თერმოსკრინინგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები