კრწანისში კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

“ნატო – საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) კრწანისის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო სკოლის კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 106 კურსდამთავრებულს დიპლომები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ძნელაძემ, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა გადასცეს.
“საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო სკოლა უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფების ასეულის მეთაურების, ბატალიონისა და ბრიგადის შტაბის ოფიცრების მომზადებასა და სამეთაურო უნარ-ჩვევების განვითარებას. კურსდამთავრებულებმა მანევრის, დაზვერვის, არტილერიის, ავიაციის, სამხედრო-საინჟინრო, საჰაერო თავდაცვის, ლოჯისტიკის, პერსონალის, სამხედრო-სამედიცინო და კავშირგაბმულობის საკარიერო პროგრამები გაიარეს. სასწავლო კურსის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფების ერთმანეთთან ეფექტურ კოორდინირებასა და ინტეგრირებულად მოქმედებებს.
დაარსებიდან დღემდე კაპიტნის საკარიერო სკოლა 1600-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები