საქართველოში მორიგი ჩარტერული რეისი ბერლინიდან შესრულდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისი განხორციელდა. თბილისი-ბერლინი-ბათუმის რეისს 175 მგზავრი, მათ შორის 5 არასრულწლოვანი გაყვა, საქართველოში კი ავიარეისის მეშვეობით 180 მგზავრი ჩამოვიდა.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ინფორმაცია როგორც ბერლინის, ასევე სხვა კომერციული ჩარტერული რეისების შესახებ, რომელთა განხორციელებაც შეთანხმებულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდებზეა განთავსებული. ნებისმიერი ცვლილება კომერციული ჩარტერების გრაფიკში ოპერატიულად აისახება ზემოთხსენებულ საიტებზე, რაც მგზავრებს საჰაერო გზით გადაადგილების დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თავის ქმედებებში ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომლის მიზანსაც პანდემიის გავრცელების პრევენცია და ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნება წარმოადგენს.
მორიგი ჩარტერული რეისების, მათ შორის მთავრობის მხარდაჭერით დაგეგმილი სპეციალური რეისების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემისთანავე გახდება ცნობილი.