სოფელ ჭაჭარაქში 70 სული საქონლის მოპარვაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქის საზაფხულო საძოვრებიდან 70 სული საქონელი მოიპარეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
როგორც ადგილობრივები „რეგიონულ კვირას“ უყვებიან, საქონელი თურქეთის საზღვართან ე.წ. უზუნჩაის მთაზე ჰყავდათ წაყვანილი.
„თურქეთის საზღვართანაა ჩვენი საძოვრებიც. ვფიქრობთ, თურქმა მწყემსებმა მოიპარეს და გადაიყვანეს საზღვარზე. წლების განმავლობაში დაგვყავდა საქონელი ამ ადგილას, მაგრამ ასეთი ფაქტი არასოდეს მომხდარა. ეს საქონელი რამდენიმე ადამიანს ეკუთვნოდა“, – ამბობს ერთერთი მწყემსი.
საქონელი 30 ივნისს გაუჩინარდა. ერთერთი დაზარალებულის განმარტებით, ძროხების კვალი თურქეთის საზღვართან იკარგება.
„ძალიან ბევრი ვეძებეთ. სად არ ვიარეთ, მაგრამ ვერაფერს მივაგენით. 70 ცალი 7 ხომ არაა რომ ვერ დაინახო ან ვერ მიაგნო. ამიტომ გვგონია თურქების მოპარული. დიდი ზიანი მოგვადგა. კრედიტებით და ვალებით გვქონდა ნაყიდი პირუტყვი, ახლა რა იქნება არ ვიცი. იქნებ სახელმწიფო დაგვეხმაროს და მიმართოს თურქეთს“, – ამბობს დაზარალებული მწყემსი.
როგორც „რეგიონულ კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები