ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციას, შევთანხმდეთ მემორანდუმზე, რომლითაც განისაზღვრება საარჩევნო უბნების ირგვლივ რადიუსი
„ოპოზიციას რამდენჯერმე შევთავაზეთ, გავაფორმოთ მემორანდუმი, რომლითაც შევთანხმდებით და გავინაწილებთ პასუხისმგებლობას იმის თაობაზე, რომ არ დავიკავებთ 25-მეტრიან რადიუსს, ანუ საარჩევნო უბნებზე არ იქნებიან წარმოდგენილი ჩვენი აქტივისტები”, – ამის შესახებ ტვ „იმედის” ეთერში „ ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჯერჯერობით, ოპოზიცია დუმს.
„მიზეზები აბსოლუტურად გასაგებია გამომდინარე იქედან, რომ როდესაც საუბარია რადიუსის დაკავებაზე, მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ აკეთებენ ხოლმე ამას. მაგალითად, 2019 წლის არჩევნების დროს გვქონდა მცდელობა, რომ დაგვეტოვებინა ცარიელი, 25-მეტრიანი რადიუსი საარჩევნო უბნებთან. 6 ოლქში გვქონდა არჩევნები და მივეცით შესაბამისი ინსტრუქცია ჩვენს აქტივისტებს. მე ვიყავი შტაბის უფროსი მაშინ და, რეალურად, ჩვენები არ იკავებდნენ ამ რადიუსს, თუმცა ჯერ დილის 8 საათიც არ იყო, როცა არა მარტო ოპოზიციის აქტივისტებს, არამედ ოპოზიციის ლიდერებსაც კი ჰქონდათ დაკავებული 25-მეტრიანი რადიუსები. ამის შემდეგ ჩვენები უკვე იძულებული გახდნენ, ისინიც შესულიყვნენ აღნიშნულ პერიმეტრზე. საბოლოოდ, ის სურათი, რაც არის უბნების გარშემო ხოლმე, ბუნებრივია, მოსაწონი არ არის. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციას, შევთანხმდეთ მემორანდუმზე, რომლითაც განისაზღვრება ეს რადიუსი და გავინაწილოთ პასუხისმგებლობა ამ ყველაფრის აღსრულებაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.