ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ინტენსიურად ინფექცია არ ცირკულირებს, რაც კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რომ ისევ დავიწყოთ დიდი ქორწილები და შეკრებები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კარგია, რომ ქვეყანაში ინფექცია ინტენსიურად არ ცირკულირებს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
მისივე თქმით, რეკომენდაციების დაცვა კვლავ ძალაშია.
„ტესტირებების რაოდენობა გაზრდილია, ივნისში 1800 იყო დღის განმავლობაში. გუშინწინ 3000 გვქონდა, 2800 -მდე გუშინ. მთავრობის დადგენილებით, გაიზრდა ჯგუფები, სადაც ტარდება ტესტირება. ასევე, გაიზარდა სამედიცინო პერსონალის გადამოწმების სიხშირე, ანუ პერიოდულობა შემცირდა ერთ კვირამდე. ახლა განსაკუთრებული ყურადღება არის ე.წ. სატვირთოს მძღოლებზე. დღესაც გვაქვს 8 ახალი შემთხვევა, აქედან 6 არის მძღოლი. ყველას წყარო ვიცით და ყველა არის შემოტანილი შემთხვევა. ამ მხრივ ტესტირების გაზრდასთან ერთად გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა ერთნიშნა ციფრს არ აცილებია. ეს არაპირდაპირი ნიშანია იმის, რომ ქვეყანაში, შიგნით ინტენსიურად ინფექცია არ ცირკულირებს, რაც კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რომ ისევ დავიწყოთ დიდი ქორწილები, შეკრებები, დღეობები. პრინციპული რჩება ნიღაბი, დისტანცია და ხელების ხშირი სანიტარული დამუშავება”, – განაცხადა გამყრელიძემ.