ბანკსა და აფთიაქზე ყაჩაღური თავდასხმა და დანაშაულის შეუტყობინებლობა – თბილისში 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული ა.შ.  დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ლ. მიმდინარე წლის 25 ივნისს ფონიჭალაში მდებარე “საქართველოს ბანკის” სერვისცენტრს ყაჩაღურად თავს დაესხა და იარაღის მუქარით გაიტაცა ბანკის კუთვნილი თანხა – 18 168 ლარის ოდენობით.

“სამართალდამცველებმა დაკავებულის ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 2300 ლარი.  ა. შ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას კი ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი ნივთი, რომელიც მოწმის – ნ. ა.-ს ჩვენებით, მ.ლ.-მ ყაჩაღობის შემდგომ გადასცა ა.შ.-ს.

პოლიციამ მოწმე ნ.ა.-ს ბინის ჩხრეკისას დიდი რაოდენობით მედიკამენტები ამოიღო. მისი განმარტებით, აღნიშნული მედიკამენტები მ.ლ.-მ მიმდინარე წლის 20 ივნისს ერთერთ აფთიაქზე ყაჩაღური თავდასხმის დროს გაიტაცა და შესანახად გადასცა მას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები