საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათვე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ხიდურელმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს სააგენტოს საქმიანობა, განახლებული პროექტები და ქვეყნის განახლებული საინვესტიციო სტრატეგია გააცნო.

„დღეს საქართველოს ყველაზე მსხვილ ბიზნეს ასოციაციას და მის წევრებს, სააგენტოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიას და განახლებულ პროგრამებს გავაცნობთ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიას უკვე პოსტ-კოვიდ ჭრილში შევხედეთ, სადაც გამოიკვეთა ქვეყნის პრიორიტეტული სექტორები, მაგალითად ელექტრო ნაწილების წარმოება, ბიზნესპროცესების დისტანციურად მიწოდება, ასევე, სხვა კომპონენტები, როგორებიცაა სამედიცინო ფარმაცევტიკა, კვლევითი ცენტრები და ა.შ. პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინვესტიციების წახალისება, რომელზეც სააგენტო აქტიურად მუშაობს. დღეის მდგომარეობით 130 მლნ ლარამე პორტფელი გვაქვს, როგორც წარმოების, ასევე, სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

ცნობისთვის, აღნიშნული ტიპის შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება ყველა კერძო სექტორთან, რომლის ფარგლებშიც წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები