რატი იონათამიშვილმა შშმ პირთა უფლებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ონლაინშეხვედრა გამართა

​ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ” საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული ნორმები და სიახლეები, ონლაინშეხვედრის ფორმატში, დაინტერესებულ პირებთან განიხილა.

შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა 30-მდე სამოქალაქო ორგანიზაციის, მათ შორის, სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიიღო, საუბარი კანონპროექტის შესახებ მომზადებულ რეკომენდაციებს შეეხო.

„საქართველოს პარლამენტი მთავრობის მიერ ინიცირებულ – „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ” კანონპროექტზე მუშაობს და აღნიშნული პროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებულია. კანონპროექტთან დაკავშირებით 50-მდე ორგანიზაციამ 41 რეკომენდაცია გამოითქვა, საიდანაც პარლამენტმა 35 ერთეული გაიზიარა. შესაბამისად, რეკომენდაციებისა და ინიციატივების 85% უკვე აისახა კანონპროექტის რედაქციაში, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. დარჩენილია რიგი საკითხები, რომლებიც დამატებით მუშაობასა და კონსულტაციებს საჭიროებს და ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესში აქტიური ვითანამშრომლოთ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტზე მუშაობის პროცესი საკმაოდ გამჭვირვალედ და მაღალი ჩართულობის სტანდარტით მიმდინარეობს. ონლაინშეხვედრისას ცალკეულმა ორგანიზაციებმა დღესაც გამოთქვეს გარკვეული კრიტიკა, მაგრამ რეალური სამართლებრივი არგუმენტები ვერ წარმოადგინეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს კანონპროექტზე მუშაობა, რადგან კანონის მიღებას ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი შშმ პირი ელოდება”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ” კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები